ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრი: ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობაა

ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჰომოსექსუალიზმი არის ”ავადმყოფობა” რომელიც ”სწრაფად ვრცელდება” ინდოეთში. ”ჰომოსექსუალური კავშირები, რომლებიც ხშირად გვხვდება განვითარებულ ქვეყნებში, ახლა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაშიც გავრცელდა,” აღნიშნა გულამ ნაბი აზადმა შიდსთან ბრძოლისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ”მიუხედავად იმისა, რომ ჰომოსექსუალიზმი არაბუნებრივი მოვლენაა, ის ჩვენს ქვეყანაში არსებობს და სწრაფად ვრცელდება, რაც მის გამოვლენას ართულებს,” დასძინა მან.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადება ინდოეთში სექსუალური უმცირესობების უფლებათა დამცველებმა გააკრიტიკეს და მის სიტყვებს ”უადგილო” უწოდეს. ”ძალიან სამწუხაროა და აბსოლუტურად უადგილოა, რომ მინისტრი სრულიად არ იზიარებს იმ პრობლემებს, რომლებიც ადამიანთა ისეთ დაუცველ ჯგუფს აწუხებს, როგორიც გეები არიან,” თქვა გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯანდაცვის საკითხებში, ანანდ გროვერმა.

უცხოური მედიის ცნობით, ინდოეთში ჰომოსექსუალების 8 პროცენტი აივ ინფექციით არის დაინფიცირებული, მაშინ როცა, ეს მაჩვენებელი ჰეტეროსექსუალებში მხოლოდ 1 პროცენტია. 2009 წელს ინდოეთში გაუქმდა კანონი, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალობა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა. 

კომენტარები