ზესტაფონის ბრწყინვალე გამარჯვება

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში, საქართველოს ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა ზესტაფონმა მოლდოვის ჩემპიონი დაჩია 3:0 დაამარცხა. იმერული კლუბისათვის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირზე ეს სადებიუტი შეხვედრა იყო. საქართველოს ჩემპიონმა მაღალი ხარისხის ფეხბურთი აჩვენა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა ქართველი ფეხბურთის მოყვარულებისთვის. თამაშს პირველიდან ბოლო წუთამდე ზესტაფონი აკონტროლებდა და ერთი წამით არ დაუყენებია ეჭვქვეშ საკუთარი უპირატესობა. მასპინძლებმა საქმე პირველივე ტაიმში მოამთავრეს.

შეხვედრის მეთოთხმეტე წუთზე კარგი კომბინაციის შემდეგ ბურთი ნიკოლოზ გელაშვილმა გაიტანა. ამას 23-ე წუთზე ჯაბა დვალმაც დაუმატა ერთი ლამაზი გოლი და ანგარიში 2:0 გახადა. მე-40 წუთზე იმავე დვალმა დუბლის გაფორმებაც მოახერხა.

განმეორებითი შეხვედრის წინ ზესტაფონმა კარგი ფორა შეიქმნა. წესით და რიგით, გია გეგუჩაძის გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლა აღარ უნდა გაუჭირდეს. სწორედ იმერელთა დამრიგებლის უდიდესი დამსახურებაა ეს გამარჯვება. მან კიდევ ერთხელ მოახერხა და საკუთარ გუნდს ევროთასებზე ფეხბურთი ათამაშა.

დღეს, ევროპულ საფეხბურთო საქმეებში კიდევ სამი ქართული გუნდი ჩაებმება. ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში დინამო, გაგრა და რუსთავის მეტალურგი ითამაშებენ.

სხვებზე ადრე რუსთავის მეტალურგი ითამაშებს. ეს გუნდი ფოლადის სტადიონზე ყაზახურ ირტიშს დაუხვდება. მატჩი 18 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვის შესაძლებლობა მაყურებელს პირველი არხის ეთერითაც მიეცემა.

საქართველოს თასის მფლობელი გაგრა ევროპულ სადებიუტო შეხვედრას კვიპროსში, ფამაგუსტის ანორთოსისთან ჩაატარებს. ამ დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟსაც პირველი არხი გააკეთებს. მატჩი თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა თბილისის დინამოს გასვლითი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ორგანიზება. გასაგებია, რომ პირველი არხი ერთდროულად ორ თამაშს ვერ აჩვენებდა, მაგრამ სხვა ქართულ არხებს მაინც შეეძლო ამ უფლების ყიდვა და მაყურებლის ინტერესის დაკმაყოფილება. ახლა დინამოს გულშემატკივრებს ინტერნეტის საშუალებით მოუწევთ თამაშის ნახვა. ეს შეხვედრა თბილისის დროით 21 საათსა და 50 წუთზე დაიწყება.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი

ზესტაფონი (საქართველო) - დაჩია (მოლდოვა) 3:0

გოლები: გელაშვილი (14), დვალი (23), დვალი (40)

ზესტაფონი: კვასხვაძე, ღონღაძე, ონიანი, ხიდეშელი, ელიავა, გრიგალაშვილი, დაუშვილი, აფციაური (ბაბუნაშვილი 86 წთ.), ძარია (გორგიაშვილი 71 წთ.), გელაშვილი (წინამძღვრიშვილი 70 წთ.), დვალი

დაჩია: გაიდუჩევიკი, დობრე, გამეზარდაშვილი, ონიცა (ორბუ 78 წთ.), მიხაილოვი, ნეჩაევი (დედოვი 46 წთ.), ატანაცკოვიჩი (მამაჰი 41 წთ.), სტეპანოვიჩი, ტუმბაშევიჩი, დიმოვსკი, კოჟოკარი

კომენტარები