WTO რუსეთის გაწევრიანების საკითხებზე გადამწყვეტი სხდომა ნოემბერში გაიმართება

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) ინფორმაციით, ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხებზე მოლაპარაკების ბოლო რაუნდზე, თითქმის ყველა სადაო საკითხი გადაიჭრა. რუსეთის საკითხზე მომუშავე ჯგუფის ფინალური სესიის გამართვა ყველა წევრთან სრული კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა. ჯგუფის ხელმძღვანელმა შტეფან იოჰანსენმა წევრებს შეატყობინა, რომ ახლო მომავალში გაუგზავნის ჯგუფს განახლებულ ანგარიშს, ასევე, ბაზრის გახსნისა და სერვისების შესახებ რუსეთის ვალდებულებების პროტოკოლს. 

"წევრებს შევატყობინე, რომ რუსეთის გაწევრიანების სამუშაო ჯგუფი ოფიციალურ სხდომაზე 10-11 ნოემბერს შეიკრიბება. განზრახული გვაქვს, სხდომაზე დავასრულოთ ჩვენი მუშაობა და შევთავაზოთ მინისტრებს რეკომენდაციები იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც მათ დეკემბერში მინისტერიალზე უნდა მიიღონ. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრები მყარად უჭერენ მხარს ამ რეკომენდირებულ შემდგომ ნაბიჯებს", - განაცხადა იოჰანსენმა. 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ  საქართველომ მიიღო  მხარე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარიის  მიერ შემოთავაზებული ვარიანტი.

როგორც ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძემ განაცხადა, ეს არის კომპრომისული შემოთავაზება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი ხდება საქართველო-რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე შემოსული ყველა ტვირთის საერთაშორისო მონიტორინგი, რაც ამ ხნის განმავლობაში არ ხდებოდა.

თორნიკე გორდაძის განმარტებით, მონიტორინგი სპეციალური მონიტორების მიერ განხორციელდება. აგრეთვე მიღწეულია შეთანხმება ტექნოლოგიაზე, რომლის საშუალებითაც ინფორმაციის გაცვლა მოხდება. შვეიცარიის წინადადებასთან დაკავშირებით ჩამოსაყლიბებლად რუსეთმა რამდენიმე დღე ითხოვა.

კომენტარები