WTO

საზღვარს შვეიცარიული კომპანია გააკონტროლებს

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შემდეგ საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე მონიტორინგს, სავარაუდოდ, შვეიცარიული კომპანია SGS-ი განახორციელებს. ამ ინფორმაციას გამოცემა Le Temps-ი შვეიცარიულ მხარეზე დაყრდნობით აქვეყნებს. Le Temps-ი აღნიშნავს, რომ საკმაოდ რთული მოლაპარაკებების შემდეგ, შვეიცარიის შუამავლობით, რუსეთსა და საქართველოს შორის გარკვეული კომპრომისი შედგა: გამოცხადდება ტენდერი, რომელშიც მონაწილეობას კომპანია SGS-ი მიიღებს. 

საქართველომ საკუთარი ეკონომიკური საზღვრების ფაქტობრივი კონტროლი 2004 წლიდან დაიწყო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 2004 წლამდე ქვეყნის საბაჟო გამშვებ პუნქტებს, ფაქტობრივად, სიმბოლური და, ამასთან, სერიოზული კორუფციული დატვირთვა ჰქონდა. საქართველოს პოზიცია ყოველთვის უცვლელი იყო: რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ, დროებით უკონტროლო საბაჟო გამშვები პუნქტების კონტროლის შესაძლებლობას ითხოვდა. შესაბამისად, 2008 წლამდე ქართული მხარის მიერ რუსული მხარისათვის წაყენებული მოთხოვნები რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი მოთხოვნებისგან არაფრით განსხვავდებოდა. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთი გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ, მას პირდაპირ თუ ირიბად აუცილებლად მოუწევდა „დამოუკიდებლად აღიარებულ ტერიტორიებზე” საქართველოს პრეტენზიები ლეგიტიმურად ეცნო. კრემლს, დეკლარირებული ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პოლიტიკის მართებულება, პირველ რიგში, თვითონვე უნდა დაეყენებინა ეჭვქვეშ. ბუნებრივია, შექმნილი ვითარებიდან რუსეთისთვის ერთადერთი გამოსავალი ეკონომიკური საკითხის პოლიტიზირება იყო.

შვეიცარიული მხარის შუამდგომლობით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე განლაგდებიან არა ქართველი მესაზღვრეები, არამედ, სავარაუდოდ, შვეიცარიული კომპანია SGS-ის წარმომადგენლები. ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის საზღვარს შორის ტვირთბრუნვის შესახებ ინფორმაციას ქართულ მხარეს მიაწვდიან.

SGS-ი მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიაა ინსპექტირების, ტესტირების, შემოწმებისა და სერტიფიცირების მიმართულებით. ამჟამად, კომპანიის 1250 ოფისსა და ლაბორატორიაში 67 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანიის ისტორია 1878 წლიდან იწყება. მრავალ საინტერესო სერვისთან ერთად, კომპანია SGS-ის ერთ-ერთი მიმართულება სავაჭრო ინფორმაციების შექმნა, დამუშავება და გადამოწმებაა.  

კომპანია SGS-ი 1999 წელს მონაწილეობდა ტენდერში, რომელიც საქართველოს მთავრობამ საბაჟოზე წინასაიმპორტო ინსპექტირებისთვის გამოაცხადა. სატენდერო კომისიას ყოფილი ფინანსთა მინისტრი დავით ონოფრიშვილი ხელმძღვანელობდა. ტენდერში SGS-ის კონკურენტი – ბრიტანული ITS-ი იყო. SGS-ის წარმომადგენლებმა ამ პროცესს მექრთამეობისა და კორუფციის კლასიკური ნიმუში უწოდეს. 

ტენდერი ორ ტურად ჩატარდა. პირველი ტური, საგრძნობი უპირატესობით, შვეიცარიულმა კომპანიამ მოიგო: იმ დროისათვის SGS-ს, ITS-თან შედარებით, სულ მცირე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 4-ჯერ მეტი ოფისი (ეს მნიშვნელოვანი უპირატესობაა წინასაიმპორტო მომსახურებისას) და 4-ჯერ მეტი ბრუნვა ჰქონდა. თუმცა, მეორე ტურში კომისიამ პირველი ადგილი ბრიტანულ კომპანიას მიანიჭა. თავისი გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ კომპანიამ ისეთი ვალდებულებები იკისრა, რომელთა აღებაც ვერავინ გარისკა. კერძოდ, სახელმწიფოს ჰპირდებოდა საბაჟო შემოსავლების გაზრდას – 1999 წელს (სექტემბერ-დეკემბერში) – 85 მილიონ აშშ დოლარამდე; 2000 წელს – 260 მილიონ აშშ დოლარამდე; 2001 წელს – 312 მილიონ აშშ დოლარამდე; საბაჟო სისტემის რეფორმის დაფინანსებას წლის განმავლობაში, სულ მცირე, 500 ათასი ლარით; საქართველოს მთავრობისთვის უცხოელი კონსულტანტების დაქირავებას კონტრაბანდის შესამცირებლად. ჯამში, ეს რიცხვები და ზოგადად დაპირებები, იმ პერიოდის ქართული რეალობისათვის საკმაოდ არადამაჯერებლად ჟღერდა.

გაჩნდა ეჭვი, რომ SGS-ის წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფო და ITS-ი ერთობლივად მოქმედებდნენ. საღი აზრით, მაშინდელ მთავრობასა და ITS-ს შორის მთავარი ინტერესი კორუფციული გარიგება უნდა ყოფილიყო.

დღეს სიტუაცია შეიცვალა. SGS-ს საქართველოში სამართლიანი თამაშის წესები ელოდება. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მოტივით, მიმდინარე მოლაპარაკებების დროს კი საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვან მიზანს მიაღწია – ქვეყნის ეკონომიკურ საზღვარზე მალე სრულ კონტროლს აღადგენს. 

კომენტარები