პოსტსაბჭოთა სივრციდან NATO-სა და ევროკავშირში შესვლა უკვე მოახერხეს ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა. მათგან ყველაზე გამორჩეული ესტონეთია, რომელიც სტაბილური ეკონომიკის გარდა წარმატებული პოლიციის რეფორმითაც დაიკვეხნის. ამ შემთხვევაში, საქართველოსთან შეიძლება გარკვეული პარალელების გავლება.
ჩვენგან განსხვავებით, ესტონეთში ეს რეფორმა 1990-იან წლებშივე დაიწყო და ორივე ქვეყანაში პოლიციის მოქალაქეთა მომსახურებაზე ორიენტირებულ სტრუქტურად გარდაქმნას ითვალისწინებდა. ორივეგან დაინერგა ეგრეთ წოდებული ერთი ფანჯრის პრინციპი.
როგორც საქართველოში, ისე ესტონეთში, შემცირდა პოლიციელთა რაოდენობა. საქართველოში 85,000-დან 26,000-მდე, ესტონეთში კი 8,000-დან 3,200-მდე, რითაც ესტონელები მიუახლოვდნენ პოლიციელთა და მოსახლეობის რაოდენობის შეფარდების სკანდინავიურ მაჩვენებლებს. ლიტვაში 11,000 პოლიციელია, ლატვიაში – 7,000. ყოველ 100,000 ადამიანზე საქართველოში 580 პოლიციელი მოდის, ესტონეთში – 250, ლიტვაში – 330, ლატვიაში – 370.
ესტონეთში შეიცვალა პოლიციაში მომსახურე პერსონალის ეთნიკური ბალანსიც. 1991 წელს ესტონელ პოლიციელთა 2/3 ეთნიკურად რუსი იყო. დედაქალაქ ტალინში რუს პოლიციელთა წილი 90 პროცენტს აღწევდა. უკვე 1990-იანი წლების შუა პერიოდისთვის პოლიციელთა 75% ეთნიკური ესტონელი იყო. პოლიციაში სამსახური მიმზიდველი გახდა ქალებისთვის – პერსონალის 1/3 მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან. ლიტვაში ქალ პოლიციელთა წილი დაახლოებით 20 პროცენტია, ლატვიაში 25%. საქართველოში კი, 2006 წლის მონაცემებით, ქალი პოლიციელები საერთო რაოდენობის 8 პროცენტს შეადგენდნენ.
ესტონეთში, სამსახურში აყვანამდე, პოლიციელთათვის სპეციალური განათლების მიღება სავალდებულო გახდა. საქართველოში პოლიციაში მუშაობის დაწყების მსურველები ფსიქოლოგიურ ტესტებს გადიან.
ესტონური რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პოლიციის პრეფექტურების რაოდენობის ოთხამდე შემცირება. მათი საზღვრები ადმინისტრაციული რეგიონების საზღვრებს არ ემთხვევა. ამით ესტონელებმა კორუფციის რისკი შეამცირეს. საქართველოში პოლიციის საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია უწევს მონიტორინგს. 2003-2010 წლებში სხვადასხვა ბრალდებით 1,000-ზე მეტი პოლიციელი დააკავეს.
2005 წელს ესტონეთმა ე.წ. ელექტრონული პოლიციის (E-police) პროგრამის დანერგვა დაიწყო. ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციის გაუმჯობესებისათვის მოხდა ახალი სისტემების იმპლემენტაცია და გაიზარდა პოლიციის მუშაობის ეფექტურობა. მოქალაქეებს კი სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით შეუძლიათ გამოითხოვონ სასურველი ინფორმაცია და თვალი ადევნონ თავიანთი ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებას. ასეთი სისტემების და მომსახურების დანერგვა ლიტვასა და ლატვიაში ჯერჯერობით არ განხორციელებულა.
2010 წელს ესტონელებმა კრიმინალთან ბრძოლის ცენტრალური პოლიცია, უსაფრთხოების პოლიცია, საზღვრის დაცვისა და იმიგრაციისა და მოქალაქეობის დეპარტამენტები ერთ სტრუქტურად, პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტად გარდაქმნეს.
ესტონელებს თავიანთი რეფორმის წარმატებულობის საზომად მკვლელობების რიცხვის შემცირება მოჰყავთ – 1994 წელს ქვეყანაში 365 მკვლელობა მოხდა, 2010 წელს – 80. 2009 წლის მონაცემებით, ესტონეთში ყოველ 100,000 მოსახლეზე 7 მკვლელობა მოდიოდა, ლიტვაში – 9, ლატვიაში – 5. საქართველოში 2011 წელს 336 მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობა აღინიშნა (ყოველ 100,000 მოსახლეზე – 7.5). ჩვენთან რეფორმის შემდეგ აღრიცხული დანაშაულის რიცხვი გაიზარდა და 2011 წელს სხვადასხვა სიმძიმის დაახლოებით 32,000 დანაშაული აღირიცხა – ორჯერ მეტი, ვიდრე 2003-ში. ამ ცვლილებას დანაშაულის რეგისტრაციის სისტემის შეცვლასა და პოლიციის ეფექტურობის ზრდას უკავშირებენ.
რეფორმის წარმატების რეალური ინდიკატორი პოლიციის მიმართ მოსახლეობის ნდობაა. 2010 წელს ლიტვაში პოლიციას ნდობას უცხადებდა მოსახლეობის 60%, ლატვიაში – 65%. ესტონეთსა და საქართველოში კი, 1990-იან წლებთან შედარებით, პოლიციისადმი ნდობა 10-15 პროცენტიდან 85-90 პროცენტამდე გაიზარდა.