ოკუპირებული ტერიტორიები

სანაკოევი: საქართველოსთან მოლაპარაკებები იქამდე არ შედგება, სანამ უსაფრთხოების გარანტია არ გვექნება

”სანამ საქართველოს მხრიდან არ იქნება სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების გარანტია, პირდაპირი მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის არ შედგება.” Ekhokavkaza - ს ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით სანაკოევმა გააკეთა.

”ამჟამად საქართველოსთან ურთიერთობის ერთადერთი ფორმა ჟენევის დისკუსიებია, რომელიც რუსეთის, ევროკავშირისა და გაეროს შუამდგომლობით მიმდინარეობს. უშუალო მოლაპარაკებების დაწყებამდე ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ახალი საფრთხის საშიშროება ჩვენი ხალხის მიმართ.” - აღნიშნა სანაკოევმა.

მისი განმარტებით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის დამოუკიდებლობის აღიარება ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად რჩება. სანაკოევის თქმით, უწყების წარმომადგენლები მზად არიან, ყველა საერთაშორისო საზოგადოებასთან ითანამშრომლონ, რათა სამხრეთ ოსეთის აღიარება ბევრი ქვეყნის მიერ მოხდეს.

”აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჩვენ საერთო ხედვები რამდენი ქვეყანასთან გვაქვს, თუმცა ამ კუთხით მუშაობას ვაგრძელებთ.” - განაცხადა სანაკოევმა.

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აგრეთვე, აღნიშნა, რომ სერბეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან ტომისლავ ნიკოლიჩთან ოფიციალური ბელგრადის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შესაძლო აღიარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ გამართულა.

ცოტა ხნის წინ ტომისლავ ნიკოლიჩმა განაცხადა, რომ მისი აზრით, სოხუმი და ცხინვალი დამოუკიდებლობას იმსახურებენ. ნიკოლიჩის თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის საკითხი სერბეთის პარლამენტმა შესაძლოა მალე განიხილოს.

 

კომენტარები