აეროპორტი

65 მილიონი დოლარი ასაფრენი ზოლის რეკონსტრუქციისთვის და გახანგრძლივებული მართვის უფლება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა თურქულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ის 65 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს იმ ასაფრენი ზოლის რეკონსტრუქციაში, რომელიც ამჟამად არ გამოიყენება. გავრცელებულ განცხადებაში TAV Airports Holding–ი აღნიშნავს, რომ დაგეგმილი სარეკონსტრუქციო ინვესტიციების სანაცვლოდ TAV Urban Georgia–ს მართვის უფლება 10 წლით და 9 თვით, 2027 წლის თებერვლიდან 2037 წლის 8 ნოემბრამდე გაუხანგრძლივდება. 

TAV Airports Holding–ი თბილისის აეროპორტის ოპერატორი კომპანიის TAV Urban Georgia–ს 76%-იანი წილის მესაკუთრეა.  სწორედ მან მიაღწია შეთანხმებას სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან.  

TAV–ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს 2005 წლის ოქტომბრიდან მართავს. 2007 წლის მაისიდან მისი მართვის ქვეშ მოექცა ბათუმის აეროპორტიც. TAV-ს ბათუმის აეროპორტის 20-წლიანი  მართვის უფლება აქვს. 

კომპანიის ცნობით, ასაფრენი ზოლის რეკონსტრუქციისთვის საჭირო ინვესტიციების დაბანდება 2012 წლის სექტემბრიდან იგეგმება. პროექტის დასრულებას კომპანია ორ წელზე ნაკლებ დროში ვარაუდობს. 

კომენტარები