ნატო

NATO-ს სამხედრო კომიტეტმა საქართველოში ვიზიტი გადადო

NATO-ს სამ­ხედ­რო კო­მი­ტეტ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი გა­და­დო.  ეს ინფორმაცია NATO-ში საქართველოს ელჩმა გეგა მგალობლიშვილმა დაადასტურა რუსთავი 2-ის ეთერში. მისი განცხადებით, დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ქვეყანას ნოემბრის ბოლოს უნდა წვეოდა.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა გადადება ბოლოდროინდელ დაკავებებს, მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ როდესაც მსგავსი მასშტაბის ღონისძიების გადადება ხდება, ის ბუნებრივია ქვეყანაში შექმნილ ვითარებას უკავშირდება. თუმცა, მისი თქმით, ამ თემას უფრო დეტალურად მომავალ კვირას განიხილავენ.

ვიზიტის გადადებას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS (საქართველოს რეფორმების ასოციაცია). “საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე ასეთი დონის და მნიშვნელობის ვიზიტის გადადების პრეცედენტი არ ყოფილა და ეს ქმნის ნეგატიურ დინამიკას. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა მაშინ, როდესაც არჩევნების შედეგად შექმნილია პოზიტიური ატმოსფერო საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით”, - ვკითხულობთ მათ განცხადებაში.

საქართველოს რეფორმების ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადება უკიდურესად ამცირებს დეკემბრის მინისტერიალზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. ეს კი თავისთავად ანელებს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესს და ამცირებს შანსებს 2014 წლის სამიტისთვის.

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა აუცილებელი ნაბიჯი სამხედრო კომიტეტის უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტის უზრუნველსაყოფად და დეკემბრის მინისტერიალზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ჩვენ, როგორც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, მზად ვართ ვითანამშრომლოთ მთავრობასთან აღნიშნული მიზნის მისაღწევად”, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებლები სერგი კაპანაძე, ელენე ხოშტარია და ნოდარ ხარშილაძე არიან.

 

კომენტარები