იუსტიციის მინისტრი

TI საქართველო: კანონი იუსტიციის მინისტრის განათლებაზე ბუნდოვანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენელი, ლევან ნატროშვილი, მიიჩნევს, რომ  იუსტიციის მინისტრს უმაღლესი იურიდიული განათლების არ ქონის დადასტურების შემთხვევაში, მისი პოსტზე დანიშვნა კანონდარღვევა იქნება, თუმცა მის მიერ გამოცემული აქტები არ უნდა გაბათილდეს.

„სისხლის სამართალში ასე არ ხდება - მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, მაგალითად, ვიღაცის დაჭერის შემთხვევაში, სასამართლომ შემდეგ წარმოებაში მიიღო და დაიწყო საქმის განხილვა. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, მას იურიდიული განათლება ჰქონდა თუ არ ჰქონდა, ამის ბათილობა არ უნდა დადგეს“ - მიიჩნევს ლევან ნატროშვილი.

კითხვაზე, თანამდებობაზე დანიშვნის უკანონობის შემთხვევაში, ხომ არ გამომდინარეობს, რომ პროკურორები არაუფლებამოსილმა პირმა დანიშნა, შესაბამისად ხომ არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ მათ მიერ განხორციელებული სისხლის სამართლის დევნის ლეგიტიმურობა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი პასუხობს, რომ ცალსახა პასუხი რთულია, თუმცა, პროკურორების დანიშვნის ბრძანებები ბათილად არ უნდა იქნას ცნობილი.

„უფრო იქითკენ ვიხრებით, რომ თუნდაც პროკურორების შესახებ დანიშვნების ბრძანებები არ უნდა იყოს ბათილი. მაგალითად იმიტომ, რომ დანიშვნასთან დაკავშირებული პრობლემა არის პროკურორის და არა იუსტიციის მინისტრის ნაწილში. პროკურორისგან განსხვავებით, იუსტიციის მინისტრს არ მოეთხოვება, ქონდეს იურისტის დიპლომი. თუმცა, რადგან ეს ორი თანამდებობა შერწყმულია, ცალსახა პასუხი საკმაოდ რთულია, კანონმდებლობაც არ არეგულირებს შესაბამისად ამ საკითხს.“

ლევან ნატროშვილის თქმით, კანონმდებლობა ცალსახად არც იმას მიუთითებს, უნდა დატოვოს თუ არა თანამდებობა იუსტიციის მინისტრმა, იურიდიული განათლების არქონის შემთხვევაში.

„პროკურატურის შესახებ კანონი გვეუბნება, რომ იუსტიციის მინისტრი არის პროკურორი - პროკურორს აუცილებლად უნდა ქონდეს იურიდიული განათლება. შესაბამისად, იუსტიციის მინისტრად არ უნდა დაინიშნოს არაიურიდიული განათლების მქონე ადამიანი. თუმცა, საფუძვლების ჩამონათვალში არ წერია, რომ იურისტის განათლების არქონა, შესაძლებელია, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს. შეიძლება კანონის ძალით  ვერც მოთხოვო წულუკიანს, დატოვოს პოსტი ( თუ დადასტურდა, რომ არ აქვს იურიდიული განათლება). როგორ უნდა გამოსწორდეს ეს ყველაფერი,  კანონი ცალსახად არ გვეუბნება.

თუმცა, კარგი იქნება, თვითონ თეა წულუკიანმა გააკეთოს განმარტებები და ახსნას თავის გადაწყვეტილება - არ გადადგება, თუ გადადგება - მისი გადასაწყვეტია ძირითადად ამ შემთხვევაში."

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სავარაუდოდ, ამ საკითხს უფრო ღრმად შეისწავლის და საკუთარ მოსაზრებას გაასაჯაროვებს.

 

კომენტარები