საქართველო-აზერბაიჯანი

ალიევის ადმინისტრაციაში სააკაშვილის განცხადება გაუკვირდათ

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამნეტის ხელმძღვანელი ნოვრუზ მამედოვი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილმა ბაქოდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი რუსეთსგან მომავალი საფრთხის პირისპირ დგანან.

Newtimes.az-თან საუბარში მამედოვმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის უკანასკნელი განცხადებები გაკვირვებას იწვევს და მიუხედავად საქართველოსა და აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესებს შორის არსებული გარკვეული პარალელებისა, არ უნდა დავივიწყოთ მრავალი განსხვავება.

„ყველა ქვეყანას საკუთარი შიდა და საგარეო პოლიტიკა აქვს, სიტუცია ჩვენს ქვეყნებში განსხვავებულია მრავალ საკითხში. ამას გარდა, სააკაშვილის განცხადება, რომ რუსეთში ჩვენი დიასპორის ზოგიერთი წარმოამდგენელი აზერბაიჯანთან მიმართებაში საშიშ პოზიციას იკავებს, შეიძლება იყოს მხოლოდ მის პირადი მოსაზრება. არ მჯერა, რომ მისი ნათქვამი ვაგიტ ალეკპეროვის და სხვა პირების შესახებ რეალობაა. მე, როგორც სააკაშვილის ბაქოში გამართული მრავალი შეხვედრის მონაწილემ, შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი საკითხები მასთან არ განხილულა“ - აცხადებს მამედოვი. მისივე თქმით, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ნორმალური მეგობრული ურთიერთობაა. „ვწუხვარ, რომ სააკაშვილი, რუსეთზე საუბრისას, აზერბაიჯანს შეეხო“.

 „მე ვნახე რამხელა საფრთხის წინაშე ვართ ჩვენც, აზერბაიჯანიც. იმიტომ, რომ რუსეთში შეიქმნა დიასპორა, ვინმე სადიკოვია გარდაბნელი, ძალიან მდიდარი რუსი ე.წ. ბიზნესმენი. იქ შეიყვანეს ალეკპეროვი და რამდენიმე სხვა რუსი მილიარდერი, რომლის მიზანია ზუსტად იგივე სცენარით ბრძოლა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გარანტის, პრეზიდენტის მიმართ, როგორც ეს ბრძოლა აწარმოეს საქართველოს არჩევნებზე გასული წლის ოქტომბერში - ფულის გამოყენებით, ოლიგარქების, რუსული კაპიტალის, შანტაჟის და სხვადასხვა პროვოკაციების გამოყენებით... სადიკოვი არის გარდაბნელი და მან განაცხადა, რომ იბრძოლებს საქართველოში აზერბაიჯანელთა ავტონომიისთვის “, - განაცხადა სააკაშვილმა თბილისის აეროპორტში ბაქოდან დაბრუნების შემდეგ. მისივე თქმით, „ჩვენ ყველას გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე და რეგიონალური კოორდინაცია.“

სააკაშვილის განცხადებას "არასახელმწიფოებრივი" და შემაშფოთებელი უწოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. 3 მარტს კი ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა ალი მამედოვმა განცხადება გააკეთა, სადაც ის პრეზიდენტს ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებს.

"მიხეილ სააკაშვილი განაგრძობს უპასუხისმგებლო პოლიტიკას და განცხადებებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. სააკაშვილის ეს განცხადება ემსახურება არა პრობლემის მოგვარებას, არამედ პირიქით, მასში იგრძნობა პრობლემის შექმნის სურვილი." - ამბობს მამედოვი.

3 მარტსვე მამედოვის  განცხადებას გამოეხმაურა პრეზიდენტის მრჩევლი ნინო კალანდაძე. მისი თმით, სააკაშვილის ბაქოში ვიზიტი წარმატებული იყო და მას არ განუცხადებია, რომ მსგავსი საკითხი ვიზიტის დროს განხილვის საგანს წარმოადგენდა.

„თავისთავად, სადიკოვის, როგორც რუსეთის პოლიტიკური არქიტექტურის ფენომენის საკითხი საქართველოსთან მიმართებაში მართლაც გვაწუხებს, თუნდაც ეს არ უკავშირდებოდეს  აზერბაიჯანთან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. რაც შეეხება თვითონ აზერბაიჯანში განხილულ საკითხებს, ეს უკავშირდებოდა სტრატეგიულ პროექტებსა და ღონისძიებებს“, - განუცხადა კალანდაძემ სააგენტო news.ge-ს.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმცირესობის ერთერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმაც. მისი თქმით, სააკაშვილის განცხადება ერთ-ერთი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ლიდერის შეხედულებებს ეხებოდა: "არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, რომელმაც ბოლო წლებში არნახულ მასშტაბებს მიაღწია. საფრთხეები, ბუნებრივია, არ არის რეალური, ჩემი აზრით, თუმცა, ვიღაცის თავებში ესეთი შეხედულებები რომ იხარშება, ჩვენგან განსაკუთრებით პრევენციული ღონისძიებების გატარებას ითხოვს", - ამბობს ბეჟაშვილი.

კომენტარები