იუსტიციის მინისტრი

წულუკიანი: უმაღლესი იურიდიული განათლება ENA-ში მივიღე

 საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ეკა კვესიტაძის კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ბოლო დღეებში მისი იურიდიული განათლების დიპლომის თემა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მისი ამერიკასა და ევროპაში ჩატარებული შეხვედრების გადასაფარად წამოსწიეს. წულუკიანი გადაცემაში დიპლომებით მივიდა, მათი ასლები კი აქცენტების წამყვანს ჩარჩოში ჩასმული გადასცა.

"მაყურებელს ვცემ პატივს. ორივე დიპლომი საზმაუწყებლისთვის ჩავსვი ჩარჩოში, გავუკეთე ავტოგრაფი და შეინახეთ, თუ გაქვთ ადგილი", - განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ მას 4 დიპლომი აქვს, აქედან ორი საერთაშორისო ურთიერთობებში მის უმაღლეს განათლებას, დარჩენილი 2 კი მის იურისტობას ადასტურებს.  

"ENA-ში მივიღე უმაღლესი იურიდიული განათლება და არა მარტო უმაღლესი, უმაღლესის უმაღლესი - საფრანგეთში არსებობს უმაღლეს სასწავლებელზე მაღლა მდგარი რამდენიმე დაწესებულება და ერთ-ერთი ასეთი სკოლაა ENA. ENA ამზადებს ადმინისტრაციულ მოსამართლეებს. ამ სფეროში - ადმინისტრაციულ სამართალმცოდნეობაში, ევროპულ სამართალში, ადამიანის უფლებებში იძლევა იურიდიულ უმაღლეს განათლებას. რაც შეეხება ქართულ კანონს, ის ითხოვს, რომ მე ვიყო საქართველოს მოქალაქე და მქონდეს იურიდიული განათლების უმაღლესი დიპლომი. მე მაქვს ორი დიპლომი ENA-დან, ერთი დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ მე მაქვს ეს განათლება და მეორე - ესაა ხარისხი, რომელიც არჩევით იყო, მაგრამ მე მოვიპოვე. ასე რომ, ქართული კანონის მოთხოვნას ვაკმაყოფილებ. ჩემი განათლების წარსული არასდროს ყოფილა დამალული და პარლამენტის არცერთ კომიტეტს ამაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. პარლამენტმა დამამტკიცა იმ განათლებით, რა განათლებითაც ვარ. მე კანონიერად ვარ იმ თანამდებობაზე, რასაც ჰქვია იუსტიციის მინისტრი და პროკურორი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ სტატია : http://www.tabula.ge/article-28898.html

კომენტარები