იუსტიციის მინისტრი

წულუკიანი: აგვისტოს ომის გამოძიება ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კვირის პალიტრას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც აგვისტოს ომთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ ყველაზე ნაკლებად მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი გამოიძია. 

"იკვეთება, რომ გამოსაძიებელია ხუთი-ექვსი მიმართულება. მათ აირჩიეს რამდენიმე და ამ მხრივ, საქმე წინ არის. არ ვიცით, ყველა რატომ თანაბრად არ გამოიძიეს, ალბათ, ვერ მოასწრეს  ან არ ჰქონდათ პოლიტიკური ნება", - აცხადებს წულუკიანი.

 იუსტიციის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ თუ საქართველოში არ აღმოჩნდნენ  პროფესიონალები ან არ გამოავლინეს პოლიტიკური ნება, ხელისუფლება იძულებული გახდება,  აგვისტოს ომის საქმე საერთაშორისო დონეზე განიხილონ.

"აგვისტოს ომის გამოძიება ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა. საქართველო არის ომის მონაწილე მხარე და როდესაც მხარე გავხდით, ავიღეთ გარკვეული ვალდებულებები. ჰააგის სასამართლოში, პროკურორთან შესულია დიდი ინფორმაცია, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩივიან იმის თაობაზე, რომ ამ ომში სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა და თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს, სავარაუდოდ, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ან სხვა დანაშაული, რაც ომისდროინდელ დანაშაულად კვალიფიცირდება. ჩვენი ვალდებულებაა, ეს საქმე არ გავხადოთ საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი და ჩვენს პრობლემებს თვითონვე მოვუაროთ იმ ვალდებულებების ფარგლებში, რომლებიც გვაქვს. ჩემი და მთავარი პროკურორის მიზანია, აგვისტოს ომი გამოვიძიოთ თვითონვე, მაგრამ თუ ეს ვერ შევძელით, არ აღმოვჩნდით საკმარისად პროფესიონალები, ან პოლიტიკური ნება არ გვექნა საამისოდ, იძულებული ვიქნებით, დავემორჩილოთ ჰააგის პროცესს და ეს საქმე განიხილონ საერთაშორისო დონეზე", - აღნიშნავს იუსტიციის მინისტრი.

კომენტარები