შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი


27 მარტს, საქართველოს სოფლის მეურნეობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა „შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტი, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების და შენახვა-რეალიზაციის გაუმჯობესება და მეწარმეთა უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით.

პროექტი მოიცავს სამ კომპონენტს: 1) უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისთვის – 0%; 2) შეღავათიანი აგროკრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის – არაუმეტეს 8%-ის (საბრუნავი საშუალებების და მარაგების შესყიდვის დაფინანსება მოკლე ვადით) და 3) შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის არაუმეტეს 3%-ის (ძირითადი საშუალებების და ტექნოლოგიების დაფინანსება ხანგრძლივი პერიოდით). პროექტს დააფინანსებს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი და განახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

პროექტის მიხედვით, კრედიტს გასცემს კომერციული ბანკი (შესაბამისად, გადაწყვეტილებას კრედიტის გაცემაზეც ის იღებს), ხოლო განსხვავებას პროცენტის საბაზრო განაკვეთსა და სახელმწიფოს მიერ პროცენტზე დადგენილ ფასის ზედა ზღვარს შორის ფარავს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, რომლის შემოსავლის ძირითადი წყარო ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საგადასახადო (საბაჟო) შემოსავლების გარკვეული ნაწილი მონაწილეობას მიიღებს ფონდის შევსებაში. ოფიციალურად გაცხადდა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება არის საქართველოს მთავრობის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი, ხოლო პროექტის აღწერილობიდან გამომდინარე, სტრატეგიის განხორციელების ძირითადი მიმართულებაა სახელმწიფო ინვესტიცია და არა აღნიშნულ დარგში სუბსიდია ერთ მილიარდ ლარამდე.

ზოგიერთი სტატისტიკური მაჩვენებელი

დღეს აგრარული სექტორი ქმნის მთლიანი შიდა პროდუქტის 9%-ს, რაც დაახლოებით 2,3 მილიარდ ლარს შეადგენს მიმდინარე ფასებში, ხოლო ამ სექტორში დასაქმებული მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობის 48%-ია. ფაქტობრივად, ინფლაციის ტემპის გათვალისწინებით, დარგში განსახორციელებელი სახელმწიფო ინვესტიცია უტოლდება დარგის მიერ წამოებული პროდუქციისა და მომსახურების ღირებულების 50%-ს, რაც უპრეცედენტოდ დიდი მაჩვენებელია, რადგან ძალზედ რთულია საბაზრო ეკონომიკის ისეთი ქვეყნის მაგალითის მოყვანა, სადაც ბოლო 50 წლის განმავლობაში, ამ მასშტაბის სახელმწიფო ინვესტიციები განხორციელდა კონკრეტულ დარგში – წარმოების დონესთან შეფარდებით. გარდა ამისა, სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ აღნიშნულ სექტორში ტექნოლოგიები თითქმის არ გამოიყენება და წარმოადგენს მეტისმეტად შრომატევად დარგს, განსხვავებით სხვა დარგებისგან, სადაც მოსახლეობის 52% ქმნის მთლიანი შიდა პროდუქტის 91%-ს.

ვიქნები ძალზე ბედნიერი, თუ საქართველოს მთავრობის ეს მეტად რისკიანი ქმედება სასურველ შედეგს მოიტანს და თითოეული ადამიანის კეთილდღეობა გაიზრდება. ასევე, იმედს გამოვთქვამ, რომ ამ მასშტაბის სახელმწიფო ინვესტიციები კარგად გააზრებული სტრატეგიაა და არა წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოზიდვის მიზნით გაჟღერებული ფრთიანი ლოზუნგი, რომლის შესრულების ვალდებულების წინაშეც დგას დღეს საქართველოს მთავრობა. ამავე დროს, როგორც ექსპერტმა, მსურს გავაანალიზო მიღებული გადაწყვეტილების ეკონომიკური შედეგები და მივაწოდო ჩემი ეჭვები დაინტერესებულ საზოგადოებას იმის შესახებ, თუ რატომ გაჭირდება სასურველი შედეგის ფორმირება გრძელვადიან პერიოდში.

სიტუაციის მაკროეკონომიკური ანალიზი (დარგობრივ ჭრილში)

საბაზრო საპროცენტო განაკვეთის ხელოვნური დაწევა ბაზარზე, რამაც ინვესტიციების გადიდების შედეგად უნდა გამოიწვიოს ჯერ დასაქმების, ხოლო შემდეგ, შემოსავლების ზრდა, ამ უკანასკნელმა კი უნდა გაზარდოს ბაზრის ტევადობა, რამაც, თავის მხრივ, ხელსაყრელი პირობები უნდა შექმნას აგროსექტორში წარმოების, დასაქმების და შემოსავლების გადიდებისათვის, არის ეკონომისტებისათვის კარგად ცნობილი, მრავალგზის ნაცადი და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა დროს გამოყენებული ჯ. მ. კეინზის „პრეფერენციებისა და ლიკვიდურობის" თეორია. მან მსოფლიო საზოგადოებას შეუქმნა ცრუ ილუზია იმის შესახებ, რომ სწორედ ამ თეორიის გამოყენებით გახდა შესაძლებელი დიდი დეპრესიის პრობლემის დაძლევა.

სინამდვილეში, თეორია არასწორია და ეკონომიკური მდგომარეობა არ უმჯობესდება, ეს დადასტურდა არაერთი მეცნიერის კვლევაში და პრაქტიკაშიც. საპროცენტო განაკვეთის შემცირების შედეგად, ბაზარზე იქმნება ე.წ. ბუმი. დასაწყისში, მოთხოვნა მკვეთრად იზრდება იაფ კრედიტზე, რაც განაპირობებს ეკონომიკური აქტივობის ზრდას. მაგალითად, მიმდინარეობს ხვნა-თესვის სამუშაოები, შხამ-ქიმიკატების, შრომის იარაღებისა და ტექნიკის შეძენა. იქმნება იმის მოჩვენებითობა, რომ დასაქმება იზრდება. ბანკები, რომლებიც კრედიტებს გასცემენ საბაზროზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით, განიხილებიან ფულის მიწოდების ზრდის წყაროდ, რაც დროთა განმავლობაში ზრდის ფასების საერთო დონეს ბაზარზე და იწვევს პროდუქციის გაძვირებას. მოთხოვნის რაოდენობა გაძვირებულ პროდუქციაზე მცირდება, რის გამოც მცირდება წარმოების დონეც და შედეგად, გაზრდილი ფასების პირობებში, წარმოების მაჩვენებელი უბრუნდება თავის ბუნებრივ დონეს, ანუ იმ მოცულობას, რომელიც იწარმოებოდა ეკონომიკური ბუმის დაწყებამდე.

სინამდვილეში, არაფერი იცვლება. ერთობლივ მოთხოვნაზე ზემოქმედებით, წარმოების დონე უცვლელია ეკონომიკის გრძელვადიან პერიოდში, თუმცა, მოკლევადიან პერიოდში ქმნის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის ილუზიას. შესაძლებელია ინფლაციის მოთოკვა მონეტარული ბერკეტების გამოყენებით. თუმცა, ამ შემთხვევაში, დაიკარგება სავალუტო რეზერვები და ინფლაციასაც ამის შემდეგ ექნება ადგილი. გარდა ამისა, შემზღუდავი მონეტარული პოლიტიკის გატარება გააძვირებს კრედიტს ეკონომიკის სხვა სექტორებში, რაც შეამცირებს ეკონომიკურ აქტივობას და წარმოების დონეს. კეინზის მოდელში, საპროცენტო განაკვეთი მცირდება მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებით. ჩვენ შემთხვევაში, ეს ხდება სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ხარჯზე, თუმცა, შედეგისთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. ვერავინ უარყოფს, რომ ე.წ. იაფი კრედიტი წარმოადგენს ფულის მიწოდების ზრდის წყაროს.

საბანკო ბიზნესის სუბსიდირება

სინამდვილეში, სოფლის მეუნეობის განვითარების მთლიანი სტრატეგია აგებულია საბანკო ბიზნესის სუბსიდირების მოდელზე. რომ არა სუბსიდიები, საქმე გვექნებოდა ფასების ზედა ზღვარის პრობლემასთან. ეს არის ფასის მაქსიმუმი, რომლითაც შეიძლება გაიყიდოს პროდუქტი. როდესაც ფასის ზედა ზღვარი ნაკლებია საბაზრო წონასწორობის ფასზე, ბაზარზე წარმოიქმნება პროდუქციის დეფიციტი. მაგალითად, ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს პურის გრძელი რიგები 90-იან წლებში. ამ შემთხვევაში, დეფიციტური პროდუქტი არის საბანკო კრედიტი, ხოლო პროცენტი – ამ პროდუქტის ფასი.

შემოთავაზებული საპროცენტო განაკვეთი არის საბაზროზე (18% საშუალო წლიური) დაბალი. რომ არა სუბსიდიები, კრედიტზე მოთხოვნის რაოდენობა გადააჭარბებდა მიწოდების რაოდენობას, რაც არა მხოლოდ ვერ შექმნიდა მოკლევადიან ეკონომიკურ აქტივობას, არამედ საბანკო ბიზნესის სტაბილურობას შეუქმნიდა საფრთხეს, რადგან სარგებელი დანაზოგზე გადააჭარბებდა სარგებელს კრედიტზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორგანიზაციის დანახარჯები გადააჭარბებდა მის შემოსავლებს.

საქართველოს მთავრობას კარგად ესმის სტაბილური საბანკო სისტემის ფასი. შესაბამისად, ქმნის სათანადო გარანტიებს და, იმავდროულად, პროექტის მთელ რისკს ანდობს ბანკებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბანკების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, აგროსექტორი საქართველოში უნდა განვითარდეს ისე, რომ უზრუნველყოს ჩადებული ინვესტიციების გასტუმრება. შეძლებენ კი კომერციული ბანკები ამ შემთხვევაში რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებას? საქმე ის არის, რომ ბიზნესში ეკონომიკური სუბიექტის რაციონალურ ქცევას განაპირობებს ის, თუ რამდენად სწორად აფასებს იგი ალტერნატივებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. რამდენად სწორად გეგმავს და იყენებს თავის საკუთრებაში არსებულ შეზღუდულ რესურსებს.

გადაწყვეტილების მიღება გულისხმობს ერთი რესურსის დათმობას მეორის სანაცვლოდ. თუ ინდივიდის შეხედულებით, გაყიდული რესურსის ღირებულება აღემატება შეძენილი რესურსის ღირებულებას, მაშინ მისი გადაწყვეტილება რაციონალურია და ის სარგებელს გაცვლის შედეგად იღებს. რისკი, ანუ შემოსავლის დაკარგვის ალბათობა, განაპირობებს სუბიექტის გადაწყვეტილების რაციონალურობას. როდესაც ასეთი რისკი ქრება, მცდარი გადაწყვეტილებების ალბათობა იზრდება.

მაგალითად, თქვენ გსურთ დანაზოგით შეიძინოთ რომელიმე კომპანიის აქციები, რაც გაზრდის თქვენს შემოსავალს მომავალში. ცხადია, ეცნობით კომპანიების საქმიანობას და ეძებთ საუკეთესოს, რადგან არასწორი გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დაკარგოთ ის დანაზოგი, რაც გაქვთ.

განვიხილოთ მეორე მაგალითი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაკარგავთ დანაზოგს, სახელმწიფო გაძლევთ გარანტიას, რომ აგინაზღაურებთ მას. რამდენად იმოქმედებს ეს ფაქტი თქვენს გადაწყვეტილებაზე? იმავე გულმოდგინებით შეეცდებით სხვადასხვა კომპანიების მაჩვენებლების კვლევას? ბუნებრივია, ბანკი სწორედ ის ორგანიზაციაა, რომლის ძირითადი ბიზნესიც არის კრედიტების გაცემა. თუმცა, თუ ბანკი კრედიტის გაცემის შედეგად რისკს არ ეწევა, მცდარი გადაწყვეტილებების ალბათობა საგრძნობლად გაიზრდება. ამ შემთხვევაში, ბანკს ნაკლებად აინტერესებს კრედიტს ვინ მიიღებს, ბიზნესს როგორ განავითარებს და ა.შ.

მეორე პრობლემა უკავშირდება ჭარბ მოთხოვნას, რომელიც ბაზარზე წარმოიქმნება სესხზე ფასის შემცირების შედეგად. საბაზრო ფასი აწვდის ზუსტ ინფორმაციას ეკონომიკურ სუბიექტს რეალური ეკონომიკური სიტუაციის შესახებ, რის საფუძველზეც, როგორც მომხმარებელი, ისე მწარმოებელი, იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა ტიპის ეკონომიკური აქტივობა განახორციელოს არსებულ ვითარებაში. როდესაც ფასი დამახინჯებულია, ეკონომიკურ სუბიექტს ექმნება ცრუ წარმოდგენა, რომ მის აქტივობას მისი რაციონალური ქცევა განაპირობებს. როდესაც ადამიანები გააცნობიერებენ, რომ სესხის აღება მოითხოვს ნაკლები მსხვერპლის გაღებას, კრედიტის მიღების მსურველთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება, რაც ბაზარზე გაზრდის მოთხოვნას. თუმცა, ამ მოთხოვნაში შეუძლებელი გახდება იმის გარჩევა, თუ ვინ ახერხებს მომავალი შემოსავლების შესახებ ზუსტი პროგნოზების გაკეთებას. ამდენად, იმის ალბათობა, რომ კრედიტს მიიღებს ის, ვინც ახერხებს ამ კრედიტით მოგებიანი პროექტების შექმნას, მცირდება, ხოლო იმის ალბათობა, რომ კრედიტს მიიღებს ის, ვინც არ იცის კრედიტის გამოყენება და ვინც უბრალოდ „გაანიავებს" მას, იზრდება.

ჯამში, მოთხოვნის გაზრდა ხელოვნურად გამოიწვევს ბუმს, რომელიც ბევრ ადამიანში შექმნის ილუზიას, რომ დასაქმება და შემოსავლები იზრდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროექტი ერთგვარი ექსპერიმენტია საქართველოს რეალობაში. მსოფლიოში ცნობილია სოფლის მეურნეობის სუბსიდირების უამრავი მაგალითი, მაგრამ ამ შემთხვევაში, შინაარსის მიხედვით, საქმე გვაქვს არა სუბსიდიასთან, არამედ საზოგადოებრივ ინვესტიციასთან, რომელიც ხორციელდება საბანკო სისტემის სუბსიდირების ხარჯზე. რამდენად გაამართლებს ექსპერიმენტი, მომავალი გვიჩვენებს. თუმცა, ის ფაქტი, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილება ნაკლებად არის გაზიარებული პროექტის შინაარსში, მის ინსტიტუციონალურ სისუსტეზე მიუთითებს.

მსგავსი ექსპერიმენტები რომ წარმატებით არ სრულდება, ამას უამრავი ქვეყნის გამოცდილებაც ადასტურებს. მაგალითად, მას შემდეგ, რაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა ევროპის ქვეყნებში, მთავრობამ წამოიწყო სოფლის მეურნეობის დახმარების პოლიტიკა. 1923 წელს გამოქვეყნდა ნორმატიული აქტი აგროსექტორის კრედიტების შესახებ (Agricultural Credits Act). ეს იყო ერთ-ერთი მიმართულება მთავრობის მრავალი მცდელობიდან, რომელიც უნდა გამკლავებოდა აშშ-ის 1920-იანი წლების მწვავე რეცესიას.

დოკუმენტი მიზნად ისახავდა ფერმერებისთვის შეღავათიანი კრედიტების მექანიზმის შექმნას. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაარსდა 12 ფედერალური საკრედიტო საშუამავლო ბანკის (Federal Intermediate Credit Banks) ქსელი, რომლის ამოცანასაც წარმოადგენდა შეღავათიანი კრედიტების გაცემა ფერმერებისთვის. დღეს არავინ დავობს, რომ ამ ფაქტმა დააჩქარა სოფლის მეურნეობის კრიზისი, რომელიც გამოხატული იყო ჭარბ წარმოებაში, რადგან ევროპის ქვეყნებში შემცირებული მოთხოვნის გამო, წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი აღარ იყიდებოდა, რამაც გამოიწვია ფასების მკვეთრი შემცირება. ამ ფაქტორმა უკიდურეს გასაჭირში ჩააგდო ფერმერები, განსაკუთრებით – დიდი დეპრესიის პერიოდში.

ფერმერების დახმარების ეგიდით, პრეზიდენტ ჰუვერის მთავრობამ 1929 წელს შეიმუშავა საფასო მხარდაჭერის პოლიტიკა, რომელიც გულისხმობდა ჭარბად წარმოებული პროდუქციის შესყიდვას (ძირითადად, მარცვლეულზე). აშშ-ის მთავრობა იქცა ბაზრის ერთ-ერთ მსხვილ მომხმარებლად, რამაც ხელი შეუწყო ფასების ზრდას სოფლის მეურნეობის პროდუქტზე. ამ ფაქტით წახალისებულმა ფერმერებმა კიდევ უფრო გაზარდეს წარმოების მასშტაბები, რის შედეგადაც მთავრობის 500-მილიონიანმა ფონდმა ვერ გაუძლო და პოლიტიკა კრახით დასრულდა.

30-იან წლებში რუზველტის მთავრობამ შექმნა „ახალი საქმის პროგრამა (New Deal Program)" (Agricultural Adjustment Act (AAA) of 1933), რომლის მიხედვითაც ფერმერებს დაუმტკიცდათ წარმოების კვოტა, რის შედეგადაც წარმოების დონე შემცირდა და შესაძლებელი გახდა ფასების გაზრდა. ზემოხსენებული მთავრობის არცერთი ქმედების შედეგად ფერმერთა საერთო კეთილდღეობა არ გაუმჯობესებულა. სინამდვილეში, მოხდა შემდეგი: 1) ფერმერთა ერთი ნაწილი უკეთესად გრძნობდა თავს, რადგან მეორე ნაწილს შეუმცირდა შემოსავლები (რუზველტის პოლიტიკა), 2) თითოეული ფერმერის შემოსავალი შემცირდა, რადგან იაფიანი კრედიტის სტიმულით შექმნეს პროდუქტი, რომელზეც მოთხოვნა არ იყო (1923 წლის აქტი) და 3) ფერმერთა შემოსავლები შენარჩუნდა მოკლევადიანი სუბსიდიის ხარჯზე, თუმცა ამან აშშ-ის მთავრობის 500-მილიონიანი ფონდი იმსხვერპლა.

მას შემდეგ, ფერმერთა დახმარების საკითხი მუდმივად დგას აშშ-ის პოლიტიკურ საარჩევნო რიტორიკაში. გაითვალისწინეს რა წარსული შედეგები, პოლიტიკოსთა ყურადღება ბოლოს შეჩერდა პრეზიდენტ ჰუვერის სტრატეგიაზე. პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ წარმოდგენილი სამი ვარიანტიდან, ჰუვერის სტრატეგია ყველაზე რაციონალურია. დღეს, საფასო მხარდაჭერა (price support) ცნობილია შემოსავლების მხარდაჭერის (Income Support) პოლიტიკით, რომლის მიზანიცაა ფასების სტაბილიზაცია სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე. შედეგად, ფერმერებს ეძლევათ პირდაპირი სუბსიდიები შემოსავლების შესანარჩუნებლად. სუბსიდიები, რომელიც წარმოადგენს ეკონომიკის სხვა სექტორში შექმნილი შემოსავლის წყაროს, რაც აფერხებს ეკონომიკის ზრდის პროცესს.

50-იან და 60-იან წლებში სუბსიდიები პერმანენტულად იზრდებოდა. დღეისათვის, სუბსიდიებმა უკვე იმ მაჩვენებელს მიაღწია, რომ მასზე უარის თქმამ, შესაძლებელია, გამოიწვიოს დიდი პოლიტიკური სტაბილურობა. ამ პრობლემის წინაშე დგას არა მხოლოდ აშშ, არამედ სხვა ქვეყნებიც, განსაკუთრებით კი საფრანგეთი. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი რაღაცით ჰგავს აშშ-ის მთავრობის 1923 წლის აქტს, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ აქ ჩართული არიან კომერციული ბანკები და მათ გაურკვეველი განვითარების ფონდი აზღვევს.

მასშტაბის ეკონომიურობის პრობლემა (Economy of Scale)

საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა. მოსახლეობის 48% კი სოფლად ცხოვრობს და მისდევს სოფლის მეურნეობას. ერთ სულ მოსახლეზე სოფლის მეურნეობისთვის ვარგისი მიწა 1 ჰა-ს არ აღემატება. ამ დარგში, დანახარჯებს პროდუქციის ერთეულზე მნიშვნელოვნად განაპირობებს სწორედ წარმოებული პროდუქციის მოცულობა. დასამუშავებელი მიწის სიმწირის გამო, ხშირად აზრს კარგავს ტექნიკის გამოყენება, რადგან ტექნიკის დანახარჯები წარმოებული პროდუქციის ერთეულს მნიშვნელოვნად აძვირებს. ამდენად, ამ ვითარებაში, თითქმის შეუძლებელია, რომ სოფლის მეურნეობა იქცეს კაპიტალტევად დარგად. შესაბამისად, ქართულ პროდუქციას ძალზე გაუჭირდება ფასით კონკურენციის გაწევა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობაში ღირდეს ბიზნესის კეთება, ფერმერული მეურნეობები უნდა განვითარდეს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ერთი ფერმერი ამუშავებს ათობით და ასობით ჰექტარ მიწას და სწორედ მასშტაბის ეკონომიის საფუძველზე აღწევს პროდუქციის ერთეულზე დაბალ დანახარჯებს. საქართველოში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ძირითადად მისდევს ნატურალურ მეურნეობას. პროდუქციის მხოლოდ გარკვეული ნაწილი ხვდება ბაზარზე, რომელსაც სიძვირის გამო გამოუჩნდება გასაღების პრობლემა (თუმცა, ჩემი აზრით, საბაზრო მოთხოვნის გარკვეულ ნაწილს, ასევე, ქმნის ადამიანთა ლოიალური ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ ადგილობრივი პროდუქცია უფრო ხარისხიანია). ამდენად, ბაზარზე გამოტანილი ძვირი პროდუქციის ნაწილი იყიდება, ხოლო ნაწილზე დგება რეალიზაციის პრობლემა. გლეხი დახმარებისთვის მიმართავს მთავრობას და მთავრობაც ეძებს გამოსავალს.

ამჟამინდელი მთავრობა გამოსავალს ხედავს მილიარდიან ინვესტიციაში. თუმცა ეს საკითხი ვერ მოხსნის სიძვირის პრობლემას, რადგან შინამეურნე ვერ შეძლებს პროდუქციის ერთეულზე დანახარჯების შემცირებას მცირე მიწის გამო, ფერმერული მეურნეობის განვითარება კი ითხოვს სოფლის მოსახლეობის ურბანიზაციას. ეს მეტად მტკივნეული საკითხია. ურბანიზაციას ადგილი აქვს, როდესაც ეკონომიკის ინდუსტრიული სექტორები ვითარდება. ამდენად, სოფლის მეურნეობის, როგორც დარგის და როგორც ბიზნესის განვითარება, აზრს მხოლოდ მაშინ იძენს, როდესაც უზრუნველყოფილია ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი და როდესაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ახერხებს ისეთი სამუშაოს პოვნას, სადაც შემოსავალი გადააჭარბებს ამჟამინდელ შემოსავალს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი იმაზე, შევძლებთ თუ არა იმპორტის ჩანაცვლებას და პროდუქციის ექსპორტზე გატანას.

საზოგადოებრივი ინვესტიციები, რის ხარჯზე?

საზოგადოებრივი ინვესტიციების წყარო არის საზოგადოებრივი დანაზოგი. დანაზოგს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც დროის ერთეულში საგადასახადო (და საბაჟო) შემოსავლები აჭარბებს საზოგადოებრივ დანახარჯებს (პროფიციტული ბიუჯეტი). ამ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს დასაბუთებული ხედვა, რომ საზოგადოებრივი დანაზოგი, რომელიც გარდაიქმნა ინვესტიციად, არის უფრო შედეგიანი, ვიდრე კერძო დანაზოგი, რომელიც ასევე განიხილება, როგორც ახალი ბიზნესპროექტების შექმნის წყარო.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბიუჯეტი არ ყოფილა პროფიციტული. არც ეკონომიკის ზრდის საშუალო წლიური ტემპი იძლეოდა პროფიციტული ბიუჯეტის დაგეგმვის საშუალებას. მაშასადამე, საზოგადოებრივი დანაზოგიც არ შექმნილა. ამ შემთხვევაში, მილიარდიანი ინვესტიციის წყარო არის არა საზოგადოებრივი დანაზოგი, არამედ სხვა საზოგადოებრივი პროექტები, რომლის განხორციელებაც იყო დაგეგმილი და აღარ ხორციელდება. ჩვენ, გადასახადების გადამხდელებს, გვსურს ვიცოდეთ, თუ რა პროექტების დაფინანსებას ეთქვა უარი. რა იყო ამ პროექტების სარგებელი და რამდენად აჭარბებს სოფლის მეურნეობაში ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სარგებელი დაწუნებული პროექტების სარგებელს. მარტივად რომ ავხსნათ, საუბარია ე.წ. ხარჯი-სარგებლის ანალიზზე (Cost-Benefit Analysis), რომელიც ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოვიძიე. ასეთ გათვლებს არ აკეთებდა საქართველოს არცერთი მთავრობა და ძალზე სამწუხაროა, რომ ახალი მთავრობაც არ ღალატობს ამ მანკიერ ტრადიციას.

ინსტიტუციონალური პრობლემა

ნებისმიერ პროექტს, მით უფრო საზოგადოებრივს, წინ უნდა უძღოდეს კვლევა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასეთი კვლევა არ ჩატარებულა. ყოველ შემთხვევაში, კვლევის შედეგები არ არის გასაჯაროებული. რის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ასეთი მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციის შესახებ? რამდენად სჭირდება დღეს ქართველ გლეხს განვადებით შრომის იარაღები? ან დაბალი პროცენტის სესხის ფასად შხამ-ქიმიკატები? რატომ ვართ დარწმუნებული, რომ იაფი სესხის შედეგად ქართველი ფერმერი შეძლებს იმპორტის ჩანაცვლებას და ექსპორტის გაზრდას? სად არის იმის გარანტია, რომ ინვესტიციის ძირითადი ამოცანა საბანკო სისტემის მდგრადობის შენარჩუნება არ გახდება, ან/და რატომ ვაყენებთ საბანკო სისტემას რისკის ქვეშ? რა არის ინვესტიციების გამოსყიდვის ვადა? რა იქნება დარგის საშუალო უკუგება ინვესტიციის შემდეგ? რა სარგებელს ნახავს საზოგადოება ჯამში ინვესტიციის შედეგად? რა რისკები ახლავს პროექტის განხორციელებას და როგორ ხდება ამ რისკების მინიმიზება ან/და დაზღვევა? რა ინდიკატორებით მოხდება პროექტის მიმდინარეობის შეფასება და როგორ გაიზომება ეს ინდიკატორები? ვინ განახორციელებს პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგს და როგორ? რატომ არ ინტერესდებოდნენ აგრობიზნესით საფინანსო დაწესებულებები დღემდე?

ბევრ მსგავს კითხვაზე ჩვენთვის პასუხი უცნობია. ასე კი, პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და მართვა არ შეიძლება. ეს ინსტიტუციონალურ სისუსტეზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქმედება ვერ აკმაყოფილებს საზოგადოებრივი ადმინისტრირების ელემენტარულ მოთხოვნებს. ამდენად, იმ დაშვებითაც კი, რომ პროექტს შეუძლია საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაზრდა, პროექტის ინსტიტუციონალური სისუსტე ხელს შეუშლის სასურველი შედეგების ფორმირებას.

მიუხედავად ჩემი უარყოფითი დამოკიდებულებისა ზოგადად სუბსიდიების მიმართ, სუბსიდიები სოფლის მეურნეობაში მთელ მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა. მისი მიზანი არის სოფლად მცხოვრები მოქალაქეების დახმარება იმ მოქალაქეების ხარჯზე, რომლებიც ახერხებენ თავიანთი ბიზნესის განვითარებას. სუბსიდიები ეწინააღმდეგება ბიზნესის განვითარების ფილოსოფიას, რადგან შემოსავლის ნაწილი, რომელიც მოიაზრება ინვესტიციის წყაროდ და ინოვაციური ბიზნესპროექტების გასავითარებლად, ნაწილდება იმ თანამოქალაქეებზე, რომლებიც ასეთ ბიზნესპროექტებს ვერ ქმნიან, რაც ამცირებს ეკონომიკურ აქტივობას და, შესაბამისად, ეკონომიკის ზრდის ტემპს.

თუმცა, ამავე დროს, ადამიანების ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია თანასწორობის თემაც. წარმატებულმა ბიზნესსექტორმა უნდა გაიღოს გარკვეული მსხვერპლი არაწარმატებული სექტორის სასარგებლოდ, რათა არაწარმატებულმა სექტორმაც შეძლოს ნორმალური ფუნქციონირება. შინაარსობრივად ეს გასაგებია და გათანაბრების პოლიტიკაც ანგარიშგასაწევია. თუმცა, გამოქვეყნებულმა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საუბარია არა სოფლად მცხოვრებლების დახმარებაზე, არამედ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე იმ გათვლით, რომ აგროსექტორი გარდაიქმნება წარმატებულ ბიზნესსექტორად. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს პროგრესის ხელოვნურად დაჩქარების მცდელობასთან, რასაც, როგორც წესი, წარმატება არ მოაქვს.

რატომ ვბაძავთ იმ ქვეყნებს, სადაც სოფლის მეურნეობა სუბსიდირებულია? ახალი ზელანდია არის საუკეთესო მაგალითი უახლესი ისტორიიდან. ათეული წლების განმავლობაში ახალი ზელანდია წარმოადგენდა აგრარულ ქვეყანას. სახელმწიფო უზარმაზარ ძალისხმევას ხარჯავდა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. 1984 წელს, მთავრობამ უარი თქვა სუბსიდიებზე, საფასო მხარდაჭერის პოლიტიკაზე, გააუქმა სავაჭრო ბარიერები, კრედიტზე ხელმისაწვდომობა შესაძლებელი გახდა მხოლოდ საბაზრო განაკვეთით, ფასები სოფლის მეურნეობის ვარგის მიწებსა და კაპიტალზე გახდა საბაზრო, მთლიანად დახურა სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ყველა პროგრამა, გააუქმა სუბსიდიები ტრანსპორტისა და ტექნიკის გამოყენებაზე (1986, 31 მარტი), გააუქმა საგადასახადო შეღავათები პირველ წელს აგროსექტორში განხორციელებულ ინვესტიციაზე.

ფაქტობრივად, მთავრობამ უარი განაცხადა სოფლის მეურნეობის რაიმე ფორმით დახმარებაზე. მას შემდეგ გავიდა 29 წელი. ქვეყნის ეკონომიკა 2,2-ჯერ გაიზარდა. მათ შორის, აგროსექტორში იქმნება თითქმის 2-ჯერ მეტი, ვიდრე 80-იან წლებში. ასევე, თუ 80-იანი წლების დასაწყისში, სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში იყო 25%, დღეს ის 5%-მდე შემცირდა. ურბანიზაციის შედეგად, დაიკლო აგროსექტორში დასაქმებულთა რაოდენობამაც. თუმცა, ამ ფაქტორს ხელი არ შეუშლია აგროსექტორის ზრდისთვის. მეტიც, ექსპორტის მოცულობის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ აგროსექტორში წარმოებული პროდუქციის ხარჯზე გაიზარდა.

კომენტარები