არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობოები მიესალმებიან შსს-ს აქტიურობას 17 მაისს მომხდარი ძალადობის ფაქტების გამოძიების პროცესში

transparency.ge

არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიურობას 17 მაისს თბილისში მომხდარი ძალადობის ფაქტების გამოძიების პროცესში. შეგახსენებთ, რომ დღეს, 23 მაისს, შსს-მ ორ სასულიერო პირს 17 მაისის ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა.

"გამოვლენილი ძალადობის მასობრივი ხასიათის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ დამნაშავე პირების დასჯას სამართლიანობის აღდგენასთან ერთად, უპირველესად პრევენციული ფუნქცია აქვს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა უზრუნველყონ დაფიქსირებული ძალადობის ფაქტების ეფექტური გამოძიება და ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა. ამ პროცესში სასულიერო პირების წინააღმდეგ ბრალდების წარდგენა სახელმწიფოს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანასწორობისა და სეკულარიზმის პრინციპების დასაცავად. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ჩადენილი დანაშაულისთვის ყველა თანაბრად აგებს პასუხს, მიუხედავად მისი რელიგიური კუთვნილებისა და სტატუსისა", – ნათქვამია განცხადებაში.

უკიდურესად მძიმე გამოცდილების გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციები შსს–ს ასევე მოუწოდებენ "ეფექტური და ადეკვატური ზომები" მიიღოს 24 მაისს დაგეგმილ აქციასთან (არა თეოკრატიას) დაკავშირებით, რადგან, როგორც დღეს გახდა ცნობილი, იმავე ადგილას მოქალაქეთა სხვა ჯგუფი აპირებს კონტრდემონსტრაციის გამართვას.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო"
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC)
"საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი"
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED)

კომენტარები