არეულობა თურქეთში

თურქეთის მთავრობამ უკან დაიხია

Reuters

თურქეთის მთავრობამ ბოდიში მოიხადა დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო და განაცხადა, რომ შეაჩერებს სტამბოლში, ტაქსიმის მოედანთან მდებარე გეზის პარკის ნგრევას, რაც გამოსვლების დაწყების მიზეზი გახდა. განცხადება ამის შესახებ თურქეთის ვიცეპრემიერმა ბიულენთ არინჩმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. მან გამოთქვა მზადყოფნა, შეხვდეს საპროტესტო აქციების მონაწილეებს და მათი პრეტენზიები მოისმინოს.

"გადამეტებული ძალის გამოყენება იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც თავდაპირველად ეს პროტესტი გარემოს დაცვის მიზნით წამოიწყო, არასწორი იყო. ეს უსამართლობა იყო. ამიტომ, მე ამ მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი. მაგრამ ბოდიშის მოხდას არ იმსახურებენ ისინი, ვინც საზოგადოებრივ საკუთრებას ანადგურებს და ქუჩებში ხალხისთვის თავისუფლების შეზღუდვას  ცდილობდა", - განაცხადა ბიულენთ არინჩმა.

4 ივნისს დილიდან სტამბოლში შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის განახლდა. დილით ადრე ასეულობით დემონსტრანტი პრემიერმინისტრის რეზიდენციის მახლობლად შეიკრიბა. მათ ქვები დაუშინეს სპეცრაზმს, რომელის მათ დაშლას შეეცადა. დემონსტრანტებმა ტაქსიმის მოედანთან მისასვლელი ქუჩებიც გადაკეტეს, პოლიციამ ქუჩების გახსნა საკვამლე მაშხალებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით სცადა.

არეულობა გაგრძელდა დედაქალაქ ანკარაშიც, სადაც გასულ საღამოს ქუჩაში ასეულობით სტუდენტი გამოვიდა, რომლებიც პოლიციასთან დაპირისპირებაში ჩაებნენ.

ქვეყანაში არეულობის მიუხედავად, თურქეთის პრემიერმინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მაროკოში დაგეგმილი ვიზიტი არ გადადო. რაბათში ჩასვლისას პრემიერმა სამშობლოში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა და არეულობაში კვლავ პოლიტიკური ოპონენტები დაადანაშაულა.

"ამ მოვლენებს საერთო არაფერი აქვთ ხეების გაჩეხვასთან ან პარკის რეკონსტრუქციასთან. მათ უკან დგანან ისინი, ვინც არჩევნები წააგო და ახლა სხვა ხერხებს მიმართავენ. დემონსტრაციები ყველა ქალაქში არ ყოფილა. სიტუაცია წყნარდება და ხალხი მშვიდად ფიქრს იწყებს. სანამ თურქეთში დავბრუნდები, იქ სიმშვიდე დაისადგურებს", - განაცხადა თურქეთის პრემიერმინისტრმა. 

თურქეთში სიტუაციის ესკალაციის გამო შეშფოთება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ გამოთქვა. მან თურქეთის მთავრობას მოუწოდა, მიიღოს ზომები სიტუაციის დარეგულირებისათვის. სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა მხარეს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

"მიგვაჩნია, რომ დემონსტრანტთა უმრავლესობა მშვიდობიანი, ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, რომლებიც საკუთარ უფლებებს ახორციელებენ. შეერთებული შტატები სერიოზულად არის შეშფოთებული ინფორმაციით პოლიციის მიერ ძალის გადამეტებისა და მრავალი დაკავებულისა და ქონების დაზიანების ფაქტის შესახებ. ჩვენ ველოდებით, რომ თურქეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს სიტუაციის დარეგულირებისათვის და ეს მოვლენები გამოძიებული იქნება", - განაცხადა ჯეი კარნიმ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ "გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის". 

გამოსვლები თურქეთში 31 მაისს, სტამბოლში დაიწყო, როდესაც დემონსტრანტებმა პროტესტი გამოთქვეს ქალაქის ცენტრში, ტაქსიმის პარკში დაგეგმილი მშენებლობების წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც პოლიციამ აქცია დაშალა, დემონსტრაციებმა უფრო მასობრივი ხასიათი მიიღო და არეულობაში გადაიზარდა. გამოსვლებმა და არეულობამ ქვეყნის დედაქალაქი და მრავალი ქალაქი მოიცვა. აქციების მონაწილეები მთავრობის და პრემიერმინისტრის გადადგომას მოითხოვენ. არსებული ცნობებით, შეტაკებებს ორი ადამიანი შეეწირა. დაშავებულია ასეულობით ადამიანი. 1700-ზე მეტი დემონსტრანტი დაკავებულია.

კომენტარები