არეულობა თურქეთში

თურქეთში ნაციონალისტებმა პროქურთული პარტიის ოფისები დაარბიეს

AFP

თურქეთს სამოქალაქო ომი ემუქრება, ამის შესახებ პროქურთული სახალხო დემოკრატიული პარტიის ლიდერმა განაცხადა. გასულ ღამეს თურქი ნაციონალისტების მიერ გამართული საპროტესტო აქციების პარალელურად, ანკარაში, საკურორტო ქალაქ ალანიასა და რამდენიმე სხვა ქალაქში პროქურთული პარტიის ოფისები დაწვეს. თავდასხმები მას შემდეგ მოხდა, რაც ქურთ მებრძოლთა თავდასხმების შედეგად ბოლო დღეებში 30-მდე თურქი სამხედრო და პოლიციელი დაიღუპა.

სახალხო დემოკრატიული პარტიის ლიდერი თავდასხმებში ხელისუფლებას ადანაშაულებს და ქვეყანაში მასობრივი დარბევების შესახებ საუბრობს. 

"ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანებს, რომლებიც ქუჩებში საკუთარი აზრის გამოსახატად გამოვიდნენ, თუნდაც ჩვენი პარტიის წინააღმდეგ. დემონსტრაციის უფლება ყველას აქვს. მაგრამ ქვეყნის მასშტაბით 400 ადგილას მოხდა თავდასხმები ავტობუსებზე, სახლებზე, ადამიანებზე, შენობებზე, მათ შორის ჩვენი პარტიის ოფისებზე. ყველა ეს თავდასხმა ორგანიზებულია და სახელმწიფო პასუხისმგებელია ამ ოპერაციებზე", - ამბობს სახალხო დემოკრატიული პარტიის ლიდერი სელაჰათინ დემორთაში.

თუმცა, თურქეთის მთავრობა თავდასხმებთან რაიმე კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ძალადობას გმობს. საქართველოს საგარეო უწყებამ თურქეთში მყოფი მოქალაქეები გააფრთხილა, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საკონსულოებს მიმართონ.

კომენტარები