აზერბაიჯანი

მეჰრიბან ალიევა პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს

azblok.net

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მეუღლე მეჰრიბან ალიევა ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა. სააგენტო Кавказский узел-ის ცნობით, მისი კანდიდატურა პარტიამ „მშვიდობა დემოკრატიულ აზერბაიჯანში“ წამოაყენა. პარტიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ პარტიამ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 15 ივნისს მიიღო. ამასთან, ნათქვამია, რომ პარტია უახლოეს დღეებში ყრილობას გამართავს და მეჰრიბან ალიევას კანდიდატურას ოფიციალურად დაასახელებს.

ამავე დროს, მმართველმა პარტიამ "იენი აზერბაიჯანი" 7 ივნისს პრეზიდენტობის კანდიდატად მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაასახელა. საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში შემოდგომაზე გაიმართება. ალიევის მეორე საპრეზიდენტო ვადა დასასრულს უახლოვდება. მაგრამ, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების  თანახმად, ერთი და იმავე პიროვნების პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ვადები აღარ იზღუდება. თუმცა, ალიევის განზრახვამ, მესამედ იყაროს კენჭი, დასავლეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა.

არჩევნებში, სავარაუდოდ, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატიც მიიღებს მონაწილეობას.  

კომენტარები