მოსკოვის მერის არჩევნებში ხმათა 51,37%-ით სერგეი სობიანინი იმარჯვებს, რომელიც ამ დრომდე მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
ხმათა 27,24%-ით მეორე ადგილზეა ალექსეი ნავალნი. კომუნისტმა ივან მელნიკოვმა 10,69% მიიღო, Яблоко-ს ლიდერმა სერგეი მიტროხინმა – 3,51%, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან, მიხეილ დეგტიარევმა – 2,86%, Справедливая Россия-ს კანდიდატმა ნიკოლაი ლევიჩევმა კი – 2,79%.
მოსკოვის საქალაქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 32,07% შეადგინა.
"წინასწარი შედეგების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტური არ ჩატარდება", - განაცხადა კომისიის თავმჯდომარე ვალენტინ გორბუნოვმა.
ალექსეი ნავალნის შტაბი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მის ანულირებას ითხოვს. "მე მოვუწოდებ კრემლს და მოსკოვის მერის ოფისს, რომ შეწყვიტონ გაყალბება და დანიშნონ მეორე ტური", - თქვა ნავალნიმ.
სერგეი სობიანინმა კი ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებული იყო. მოსკოვში მერის არჩევნები გუშინ გაიმართა.