საპრეზიდენტო კანდიდატები

მარგველაშვილი: ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაციაში არასდროს შევსულვართ

კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 9 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაციაში არცერთხელ არ შესულა. როგორც მარგველაშვილმა კახეთში, წინასაარჩევნო შეხვედრისას განაცხადა, თავად 2003 წლის 23 ნოემბერსვე თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის ნდობა არ შეიძლება.

"გული უსკდებათ, როდესაც ხედავენ, რომ ჩვენ შორის ერთობაა და ვერ თესავენ ეჭვს, განხეთქილებას. გული უსკდებათ, როცა ხედავენ, რომ ქვეყანამ მოიხედა საკუთარი თავისკენ და ყველას დაანახა, როგორი ამაყია. წლების განმავლობაში გვარწმუნებდნენ, რომ ქართველი ჩამორჩენილია, თურმე იმისთვის, რომ სხვებს მოეწონოს, სხვანაირი უნდა გახდეს. ეტყობა ვერ ხედავდნენ, როგორი განსაკუთრებული ვართ - როგორი განსაკუთრებული გვაქვს არა მარტო წარსული, არამედ აწმყოც, როგორი შრომისმოყვარეები ვართ. ეს ვერ შეაფასეს და ამიტომაც დაინგრა მათი გეგმები. დაინგრა იმიტომ, რომ არცერთ მომენტში მათთან კოჰაბიტაციაში არ შევსულვართ. 9 წლის განმალობაში, არცერთი წუთი არ ვყოფილვარ მათთან კოჰაბიტაციაში და ამას სიამაყით ვამბობ, რადგან მათი ნდობა არ შეიძლება. 2003 წლის 23 ნოემბერსვე ვთქვი, რომ არ შეიძლება ამ ხალხთან ურთიერთობა და მათი ნდობა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები