ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები

გიგი უგულავა: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს შესაძლოა, დაფინანსება აღუდგეთ

დედაქალაქის მერის გიგი უგულავას განცხადებით, თბილისში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს შესაძლოა, დაფინანსება აღუდგეთ. როგორც უგულავამ საკრებულოს ფრაქცია დედაქალაქის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, ამხანაგობებს დაფინანსებას დღევანდელ სხდომაზე ვერ აღუდგენდნენ, რადგან გადაწყვეტილებას საკრებულოს უმრავლესობა იღებს.

"მე იმედს ვიტოვებ, რომ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის მობილიზება მოხერხდება. მაშინ, ბუნებრივია, რომ გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა გიგი უგულავამ. მისივე თქმით, შეეცდება საკრებულოს ყველა ფრაქცია დაარწმუნოს, რომ დღეს თბილისისთვის ამხანაგობების პროგრამა უალტერნატივოა. 

"რამდენიმე საკითხია გამოსაყოფი, ძირითად წესზე შეჯერებულები ვართ. დასასრულებელია სხვადასხვა ტექნიკური დეტალი იმისათვის, რომ აღრიცხვიანობა კიდევ უფრო ოპტიმალური იყოს და, რაც მთავარია, ინფორმაცია ამა თუ იმ კორპუსში ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით საჯარო და ხელმისაწვდომი იყოს. ბუნებრივია, ეს ჩვენს ინტერესებშიც შედის. რაც უფრო გამჭვირვალეა სისტემა, მით უფრო ნაკლებია შეკითხვა ამა თუ იმ პროექტთან დაკავშირებით. გაგრძელდება მუშაობა და ვფიქრობ, საკრებულოს სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ამ წესის დამტკიცება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზეც კი", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

რაც შეეხება დაფინანსების აღდგენის საკითხს, უგულავას თქმით, როგორც კი საკრებულო აღნიშნულ ცვლილებას მიიღებს, თბილისის მერია შესაბამის საბიუჯეტო ცვლილებებს წარადგენს, რის შემდეგაც საკრებულოს მსჯელობის შესაძლებლობა ექნება. 

"შევჯერდით იმაზეც, რომ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა მოიხსნას ის დისკრიმინაციული წესი, რომელიც 1, 2, 3-სართულიანი სახლების მიმართ არსებობს. ამაზე ჯერ კიდევ დასამუშავებელია ბევრი რამ, ციფრები არის დასათვლელი, თუმცა არსებითად შევთანხდით, რომ აქაც ისეთი წესი უნდა მოვნახოთ, რომ კორპუსში მცხოვრებ და ძველ თბილისში მცხოვრებ ადამიანს შორის განსხვავება არ იყოს. სამუშაო რეჟიმში, ვფიქრობ, ამ საკითხსაც მოვაგვარებთ", - აღნიშნა უგულავამ. 

დედაქალაქის მერი თბილისის საკრებულოს ფრაქცია დედაქალაქის მიწვევით ფრაქციის სხდომას ესწრებოდა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. ფრაქციის წევრის მამუკა კაციტაძის განცხადებით, დღევანდელმა შეხვედრამ აჩვენა, რომ საბიუჯეტო ცვლილებების დროს, მერიის ხელმძღვანელობასა და გამგებლებს შორის ან ცუდი კომუნიკაცია იყო ან საერთოდ არ არსებობდა. ფრაქცია დედაქალაქის წევრის თქმითვე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში პროექტები გაგრძელდება. კაციტაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს ავარიულ სახლებსა და კაპიტალურ გამაგრებებზე. მისი მტკიცებით, მერიას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს და მათ მიდგომების ჩამოსაყალიბებლად გარკვეული დრო ითხოვეს. კაციტაძის თქმით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების წახალისება საკრებულოს დადგენილი წესით გაგრძელდება. 

"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების წახალისების წესის შეჩერება - გაუქმებას არ ნიშნავდა. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ არარსებული წესის ფონზე ეს საქმე ვეღარ გაგრძელდება. კერძოდ, წახალისება გაგრძელდება, ოღონდ საკრებულოს მიერ დადგენილი წესით. ამას დაეთანხმა მერი, რომ საკრებულომ უნდა დაადგინოს წესი და ამ წესს უნდა დაემორჩილოს მერია", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

ამასთან, კაციტაძის ინფორმაციით, ფრაქციამ სიღარიბის ზღვარს ქვევით თანამოქალაქეებისათვის სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობისას მერიის მიერ გაუქმებული 50%-იანი შეღავათის აღდგენა მოითხოვა. მისივე თქმით, მერიამ დაადასტურა, რომ შეღავათის აღდგენის სურვილი მათაც აქვთ და საკითხთან დაკავშირებით ფორმულაზე მუშაობენ.

 

კომენტარები