სასჯელაღსრულების დაწესებულებები

სასჯელაღსრულების სამინისტროს გაფრთხილება მსჯავრდებულთა ოჯახებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მსჯავრდებულთა ოჯახებს ურჩევს, საეჭვო შეტყობინებები გადაამოწმონ. სამინისტრო იმ სატელეფონო გზავნილებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პატიმრები მკურნალობისთვის ოჯახებს ფულს სთხოვენ. "იქნებ გამომიგზავნოთ ფული, ძვირადღირებული ოპერაცია მჭირდება და სამინისტრო მხოლოდ 8 500 ლარს მიფინანსებს" - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, ამ ტიპის თხოვნა რამდენიმე მსჯავრდებულის ოჯახს მიუვიდა. სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ინფორმაციით, პატიმრები საკუთარი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უკავშირდებიან და სამედიცინო მომსახურებისთვის თანადაფინანსებას სთხოვენ.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე 5139-მა მსჯავრდებულმა მიიღო სამედიცინო მომსახურება პენიტენციარული სისტემისა და სამოქალაქო ჯანდაცვის საავადმყოფოებში და არცერთ შემთხვევაში თანადაფინანსება არ მომხდარა.

"პატიმარს აქვს უფლება, თავად შეიძინოს მედიკამენტები, რომელიც იმ 500-მდე მედიკამენტის ჩამონათვალში არ შედის, რომელსაც სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს, ასევე აქვს უფლება მოითხოვოს მეორე სამედიცინო აზრი ან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანხმობის შემთხვევაში, თავად აირჩიოს სამედიცინო მომსახურების გამწევი საკუთარი ხარჯებით, რაც იშვიათად ხდება, თუმცა თანადაფინანსება ამ შემთხვევებშიც შეუძლებელია. საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დეპარტამენტი ოჯახთან დაკავშირებას თავად უზრუნველყოფს.
მსგავსი სპეკულაციისგან თავის დაზღვევის მიზნით, სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, ინფორმაცია გადაამოწმონ სამედიცინო დეპარტამენტში შემდეგ ტელეფონის ნომერზე - 231-27-47", - ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები