რესპუბლიკური პარტია

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე გახდა

republicans.ge

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის რიგით მეხუთე თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე გახდა. ექსპოჯორჯიაში ჩატარებულ პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარედ სწორედ ის აირჩიეს.

ყრილობაზე 2000-მდე დელეგატმა ფარული კენჭისყრით პარტიის ეროვნული კომიტეტის 35 წევრი და სარევიზიო კომისიაც აირჩია. მათ ასევე პარტიის წესდება დაამტკიცეს.

ხათუნა სამნიძე 2013 წლიდან რესპუბლიკური პარტიის საორგანიზაციო მდივანი იყო. 1996-99 წლებში სწავლობდა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე ბათუმის ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1997-99 წლებში სამნიძე მუშაობდა თარჯიმნად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იურიდიულ, საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებების საკითხთა კომისიაში. 2003 წელს დაამთავრა მაგდებურგის ოტო-ფონ-გიურიკეს უნივერსიტეტი გერმანიაში და აქვს ბაკალავრის ხარისხი მენეჯმენტში. 

ხათუნა სამნიძე 2004-2009 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო და მუშაობდა საბჭოს საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტში. 2010-2013 წლებში სამნიძე ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს პროგრამების კოორდინატორი იყო.

"მე ძალიან დიდი მხარდაჭერა და გვერდში დგომა გამომიცხადეს პარტიის ყოფილმა ლიდერებმა. გავაგრძელებ ამ პარტიის პოლიტიკას, რომ ყველა გადაწყვეტილება იქნება ერთობლივი მსჯელობის შედეგად მიღებული და ერთობლივად ვიმსჯელებთ პარტიის კიდევ უფრო განვითარებაზე, კოალიციის კიდევ უფრო აქტიურ წევრად ყოფნაზე და ასევე თვითმმართველობის არჩევნებისთვის", - აღნიშნა სამნიძემ.

რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრები კი არიან: დავით უსუფაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, თინათინ ხიდაშელი, დავით ბერძენიშვილი, ვახტანგ ხმალაძე, ივლიანე ხაინდრავა, პაატა ზაქარეიშვილი, გიგლა აგულაშვილი, დავით ზურაბიშვილი, ხათუნა სამნიძე, ხათუნა თათანაშვილი, ბაია რომელაშვილი, თამარ გოგოლაძე, დავით რაზმაძე, ნინო ლომაძე, ინგა ზაბახიძე, იმედა გოგავა, გულიკო ზუმბაძე, ირაკლი ხორბალაძე, ნინო კალანდარიშვილი, ნოდარ ებანოიძე, თემურ გიორგაძე, ნოდარ კაპანაძე, რომან ბიწაძე, გიორგი მასალკინი, გიორგი თოდუა, თენგიზ შერგელაშვილი, ნატო ქათამაძე, გურამ ბერიშვილი, თემურ ნერგაძე, ირაკლი გუნიავა, ფრიდონ საყვარელიძე, მალხაზ წერეთელი, გიორგი რაზმაძე და გელა კევლიშვილი.

რაც შეეხება სარევიზიო კომისიას, მის შემადგენლობაში არიან - ელენე კაპანაძე, ნათია ოდიშელიძე, ტრისტან ჯინჭარაძე, ავთანდილ ბოკუჩავა და ნანა ბუნტური. კომისიის თავმჯდომარე ტრისტან ჯინჭარაძეა.

რესპუბლიკური პარტია დღეს 35 წლის გახდა. პარტიის თავმჯდომარე, ეროვნული კომიტეტისა და სარევიზიო კომისიის წევრები კი 2 წლის ვადით აირჩიეს.

კომენტარები