კაციტაძე ღარიბაშვილზე

კაციტაძე: ღარიბაშვილი არ ან ვერ ახერხებს ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლას

radiotavisupleba.ge

პარტია ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერის მამუკა კაციტაძის თქმით, "ირაკლი ღარიბაშვილი ან არ აპირებს ან ვერ ახერხებს ბიძინა ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლას". მისი თქმით, ეს იგრძნობა თუნდაც საკადრო პოლიტიკაში.

"ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტი არის რეალურად ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტი, მხოლოდ ერთი ცვლილებით. ამაში მე არალოგიკურს ვერაფერს ვხედავ, რადგან პოსტივანიშვილისეული პერიოდის პირველ ეტაპზე არ გააკეთებდა ღარიბაშვილი ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტში. ღარიბაშვილი ან არ აპირებს, ან ვერ ახერხებს ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლას, ღარიბაშვილი აგრძელებს ივანიშვილის საკადრო პოლიტიკას, თუმცა არ ველოდები, რომ ეს დიდი ხნით გაგრძელდება. მე ველოდები არც ისე შორეულ მომავალში ნაბიჯების ცვალებადობას, მათ შორის, საკადრო პოლიტიკასთან მიმართებით", - თქვა მამუკა კაციტაძემ.

კაციტაძის თქმით, სამთავრობო ცვლილებებს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ელოდება.

"აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ინიშნება პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარედ და ამ პარტიის ამოცანა, როგორც ჩანს, იქნება სწორედ ადგილობრივ არჩევნებში წარმატების მიღწევა. აქედან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტს გამოიყენებს ადგილობრივი არჩევნებისთვის", - აღნიშნა კაციტაძემ.

კომენტარები