სახელმწიფო შესყიდვები

კალაძე: საჭირო ინვენტარის საერთო სახელმწიფო სტანდარტი უნდა დაწესდეს

ვიცეპრემიერ კახა კალაძის შეფასებით, საჯარო მოხელის ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო ინვენტარის საერთო სახელმწიფო სტანდარტი უნდა დაწესდეს. პარტია ქართული ოცნების გენერალური მდივანი აცხადებს, რომ თითოეული ნივთი საჯარო უწყებებში, საწერი კალმიდან დაწყებული და ავტომობილით დამთავრებული, არის სახელმწიფო კუთვნილება.

"ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერმინისტრობის პერიოდში შეიქმნა კომისია, რომელიც მუშაობს სახელმწიფო ქონების შეძენა-მოხმარების რეგულაციებზე. ამის აუცილებლობა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავინახეთ, სახელმწიფო შესყიდვები, მათ შორის ავტომობილების, დასარეგულირებელია და ეს საკითხი ჯერ კიდევ წინა მთავრობას უნდა მოეგვარებინა. ყველანაირ ზღვარს და კონტროლს გადაცილებული იყო სააკაშვილის მინისტრების და სხვა ჩინოვნიკების ხარჯები. ამჯერად საზოგადოებაში გაჩნდა კითხვის ნიშნები ჩვენი თანამდებობის პირების მიერ გაწეულ ხარჯებზე. პროცედურული ეტაპების გავლის შემდეგ, ეს რეგულაციები მალე შევა ძალაში - საჯარო და ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც მოახდენს გადაცდომას, პასუხს აგებს უკვე არა მარტო თავისი მორალის და საზოგადოების, არამედ კანონის წინაშეც. ჩემი, როგორც პარტიის გენერალური მდივნის, რეაგირება მოჰყვა პირველივე გასაჯაროებულ ფაქტს სახელმწიფო თანხების არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით, რომელიც აჭარაში ყოფნის დროს შევიტყვე. პიროვნული დამოკიდებულება ამ საკითხისადმი პერსონალიების მიხედვით არ მეცვლება და ნურავინ იფიქრებს, რომ რამე ნეგატიური დამოკიდებულება მქონდა ბატონი ავთოს მიმართ და ჩემი რეაქცია ამით იყო განპირობებული. პირიქით, ჩემთვის და პრემიერისთვის - პარტიის თავმჯდომარისთვის, ორმაგად მტკივნეული იყო ისეთი პიროვნების, რომელსაც ჰქონდა თავისი პოლიტიკური დამსახურება რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ესეთი სახის გადაცდომა მოუვიდა. ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე, ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში ყველას მიმართ ჩვენი დამოკიდებულება იქნება იდენტური. სახელმწიფო ინტერესებზე წინ ვერ დავაყენებთ პირად სიმპათიებს ან მეგობრობას. მიმაჩნია, რომ გუნდურობა შეცდომის ერთობლივად მალვაში ან გამართლებაში დაუშვებელია, ამაში ბადალი არ ჰყავდა სააკაშვილის რეჟიმს. გუნდურობაა - ერთიანი ძალისხმევით პრობლემის დაძლევა. უშეცდომო არავინ არ არის. არ არსებობს მთავრობა, რომელსაც მუდმივად კონტროლი და მითითება არ სჭირდება საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ეს დემოკრატიული ფუფუნება მოვიპოვეთ და ეს არის მთავარი. ხოლო შეცდომების გამოსწორება არასდროს არ არის გვიან. ძალიან კარგად მესმის საზოგადოების და მათ ყველა პრეტენზიას თუ კითხვას გაეცემა პასუხი, ეს არის ჩვენი საერთო - ხალხის და ხელისუფლების უდიდესი მიღწევა. როცა მოქალაქეს შეუძლია პასუხი მოსთხოვოს, ობიექტურად გააკრიტიკოს ნებისმიერ თანამდებობის პირი და ამისთვის მას ან მის ოჯახის წევრებს, ახლობლებს სახელმწიფო, სისტემა სამაგიეროს არ გადაუხდის. შიში დაძლეულია!" - აცხადებს კალაძე.

ცნობისთვის, უშიშროების ეროვნულმა საბჭომ ტოიოტა პრადოს მარკის ავტომობილი 78 241 ლარად შეიძინა. გარდა ამისა, უწყებამ, რომელსაც მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან ირინე იმერლიშვილი ხელმძღვანელობს, კომპანია APPLE-ის პრუდუქციაც იყიდა. ამასთან, ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, პროკურატურამ 174 575-ათასლარიანი ჯიპი შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი ავთანდილ ბერიძე ძვირადღირებული ავტომობილის შესასყიდად გამოცხადებული ტენდერის გამო გააკრიტიკეს. კალაძემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ძვირადღირებული მანქანების შეძენა არასწორია. მისივე თქმით, ავთადილ ბერიძის საკითხს პარტიის უახლოეს სხდომაზე განიხილავდნენ. ამის შემდეგ, ბერიძემ განაცხადა, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას აღარ გააფორმებდა, ხოლო პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ იქმნება ახალი საერთო წესი, რომლის მიხედვითაც, სამინისტროები ავტომობილებს ერთიანი სტანდარტით შეიძენენ.

კომენტარები