საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

ლევან ბეჟაშვილი: ლეფორის განცხადება საქართველოს მთავრობის პოლიტიკის შედეგია

ლევან ბეჟაშვილი

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ოსური მედიის ცნობით, ფილიპ ლეფორმა ცხინვალში გააკეთა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები საქართველოს მთავრობის პოლიტიკის შედეგია.

"ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის არაერთმნიშვნელოვანმა პოლიტიკამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, განაპირობა ის გარემოება, რომ ევროპელი ლიდერებისა და თანმდებობის პირებისგან ვისმენთ ასეთი ტიპის განცხადებებს. თუ საქართველომ არ დაიცვა თავისი ინტერესები ისე, როგორც ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, თუ ოკუპირებული ტერიტორიებისათვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭებაში საერთაშორისო მასშტაბით არ ჩაერთნენ ინსტიტუტები, ჩვენ კიდევ უფრო მწვავე განცხადებების მომსწრენი გავხდებით. ამას მოწმობს თუნდაც რუსეთის პრეზიდენტის ბოლო განცხადება იმაზე, რომ საზღვარმა გადმოიწია გაგრის ტერიტორიამდე და ამაზე არანაირი რეაგირება არ მოაყოლა არც საქართველოს მთავრობამ და არც საერთაშორისო ინსტიტუციებმა. ის, რომ მთელი ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელები უარს აცხადებენ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე და ერთ-ერთ მიზეზად არ არის დასახელებული საქართველოს თემა, ესეც იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლის განმავლობაში ახორციელებს", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ოსური საინფორმაციო სააგენტოებისა და რუსული სააგენტო რეგნუმის ცნობით, ევროკავშირის წარმომადგენელმა, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ, საქართველოში საფრანგეთის ყოფილმა ელჩმა ფილიპ ლეფორმა ცხინვალში განაცხადა, რომ "სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სტატუსი რეალობაა, რომელიც შეცვლას არ ექვემდებარება".

კომენტარები