ფილიპ ლეფორის განცხადება

ზაქარეიშვილი: ოსური მედიით გავრცელებული ლეფორის განცხადება არ არის მართალი

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, როგორც ჩანს, ოსმა ჟურნალისტებმა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ფილიპ ლეფორის განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის სიტყვებიდან გამომდინარე გაავრცელეს. მისი თქმით, ის დღეს შეხვდება ფილიპ ლეფორს, სადაც კითხვები დაისმება.

"უკვე ცნობილია, რაც მოხდა, გავარკვიეთ და აშკარად ჩანს, რომ არავითარი წყარო არ არსებობს ამ ინფორმაციის გავრცელების. როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია გაავრცელეს იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც არ ესწრებოდნენ შეხვედრას და ბატონი თიბილოვის სიტყვებიდან გამომდინარე გაავრცელეს ინფორმაცია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოსური მედიის მიერ გავრცელებული ფილიპ ლეფორის განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გვექნება ამ საკითხზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა", - თქვა ზაქარეიშვილმა.

ოსური მედია გუშინ წერდა, ფილიპ ლეფორმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის სტატუსი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი, რესპუბლიკის ხალხის მიერ დიდი ხანია, განსაზღვრულია.

"ამ პოზიციის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს რეალობაა, რომელთან ერთად ცხოვრება და მუშაობა უნდა ვისწავლოთ", - წერდა ოსური მედია, როგორც ლეფორის ნათქვამს.

ოსური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ლეფორმა გუშინ უკვე უპასუხა და აღნიშნა, რომ "არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში".

"არავინ უნდა შეეცადოს ამ პოზიციის არასწორ ინტერპრეტაციას. ევროკავშირის პოზიცია ემყარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი და შეეცადოს ამის არასწორ ინტერპრეტაციას", - აღნიშნა ფილიპ ლეფორმა.

კომენტარები