რაიან გრისტი

ზაქარეიშვილი: ვერ ვნახე მტკიცებულებები რაიან გრისტის ჯაშუშობის შესახებ

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ გრისტის დანიშვნას გამოეხმაურა. ზაქარეიშვილი გრისტის გარშემო ატეხილ ხმაურს ნაციონალური მოძრაობის "ისტერიკას" უკავშირებს. მისივე თქმით, მას გრისტის ჯაშუშობის მტკიცებულებები არ უნახავს.

"ჩემთვის ყოვლად მიუღებელი და გაუგებარია, ნაციონალური მოძრაობის ისტერიკა რატომ გადადის საზოგადოების პროცედურულ პანიკაში. მათ ნამდვილად არ აწყობთ, მათი შეცდომები რომ იყოს გამოაშკარავებული. რაიან გრისტიც ერთ-ერთი ვარიანტია ამისი. მე ჯერ ვერ ვნახე ვერც ღია და ვერც დახურული ინფორმაციით მტკიცებულებები რაიან გრისტის ჯაშუშობის შესახებ. ერთადერთი რაც ნამდვილად იყო, ეს იყო მისი შეცდომა. მან დაარღვია ეუთოში არსებული სტანდარტები და საჯაროდ თქვა ის, რაც არ უნდა ეთქვა საჯაროდ...

რაიან გრისტმა რაც თქვა, სიტყვასიტყვით გაიმეორა გამოძიების შემდეგ ტალიავინის ანგარიშმა. ყველაზე მძიმე თქვა, რომ საქართველოს რეაქცია იყო არაპროპორციული. ამის შემდეგ წინა ხელისუფლებამ გრისტს მისცა უფლება, საქართველოში სხვა მისიაში ემუშავა. ანუ წინა ხელისუფლებამ მას დაუდასტურა საქართველოში მუშაობის და ცხოვრების უფლება", - თქვა ზაქარეიშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე ბრიტანელი რაიან გრისტი 2014 წლის იანვარში დაინიშნა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იგი ამბობდა, რომ ქართველები ე.წ. სამხრეთ ოსეთის დასახლებულ ადგილებს უტევდნენ, სანამ რუსეთი დაბომბვას დაიწყებდა. გრისტის განცხადებების უარყოფა მოგვიანებით ეუთოს მისიის მაშინდელ ხელმძღვანელს - ტერი ჰაკალას მოუწია. თავად რაიან გრისტი ადასტურებდა, რომ ახლო ურთიერთობა ჰქონდა უფლებადამცველ ლირა ცხოვრებოვასთან, რომლის მიმართაც დასავლურ მედიასა და საქართველოს ხელსუფლებაში ეჭვებს გამოთქვამდნენ რუსულ და ოსურ სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ.

კომენტარები