საზოგადოებრივი მაუწყებელი

საკონსტიტუციო სასამართლომ GPB-სთან დაკავშირებით სარჩელი წარმოებაში მიიღო

2014 წლის 19 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქეების - დავით კანდელაკის, ნატალია დვალის, ზურაბ დავითაშვილის, ემზარ გოგუაძის, გიორგი მელაძის და მამუკა ფაჩუაშვილის N569-ე კონსტიტუციური სარჩელი.

საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ 2013 წლის 12 ივლისის N833-რს და 20 ნოემბრის რს-1628 საქართველოს კანონების მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარი ნორმები ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წესით დაკომპლექტების, მეურვეების არჩევისა და მათი უფლებამოსილების ცნობის საკითხებს.

მოსარჩელეები, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრები, მიიჩნევდნენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წესის საფუძველზე დაკომპლექტება, ავტომატურად იწვევდა ძველი სამეურვეო საბჭოს წევრთა უფლებამოსილებების ვადამდე შეწყვეტას, რაც წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში უხეშ ჩარევას, მისი დამოუკიდებლობის ხელყოფას და შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე (გამოხატვის თავისუფლება), 29-ე (სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება) და 30-ე (შრომის თავისუფლება) მუხლებით გარანტირებული მათი უფლებების დარღვევას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებულად მიიჩნია და არსებითად განსახილველად მიიღო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება).

ამასთან, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შესაძლოა მათ უფლებებს მიაყენოს გამოუსწორებელი ზიანი და დააკმაყოფილა მოსარჩელეთა შუამდგომლობა - შეაჩერა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის N833-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

კომენტარები