უკანონო მოსმენები

იმერლიშვილი: კარგია, რომ ნიკა გვარამიამ ბოდიში მოიხადა

financial.ge

უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილის განცხადებით, კარგია, რომ ნიკა გვარამიამ წინა ხელისუფლების დროს გაკეთებული ფარული ჩანაწერების გამო ბოდიში მოიხადა. მისივე თქმით, არასდროს განმეორდება ის, რომ ქვეყანაში ასეთი დოზით ხდებოდა ფარული ჩანაწერების გაკეთება/გამოქვეყნება. იმერლიშვილი რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ.

„ჩვენი ქეყანა და ჩვენი მთავრობა, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს მედიის დამოუკიდებლობას და ეს პრინციპი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლებისთვის. ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ამას“- თქვა იმერლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს. 

ამასთან, დღევანდელ ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ ბოდიში მოიხადა წინა წლებში ფარული ჩანაწერების გაკეთება/გავრცელების პრაქტიკის გამო.

"აუცილებლად მინდა გავიხსენო წინა წლებში მათ შორის ჩემი არცთუ პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით და ბოდიში მინდა მოვიხადო იმისთვის, რომ მონაწილეობა მაქვს მიღებული ამ მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში. მართალია, ყველა ჩემთვის ცნობილი ყველა ჩანაწერი მოპოვებული იყო ლეგიტიმურად და მათი გავრცელება წარმოადგენდა სახელისუფლებო სრულ დისკრეციას, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაშინ არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული და ამგვარი პრაქტიკით შეილახა ძალიან ბევრი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ამ პრაქტიკის გამო, ადამიანებმა, ვინც ფიგურირებდა ჩანაწერებში, მიიღეს მნიშვნელოვანი რეპუტაციული და მორალური ზიანი. წინა ხელისუფლების ამ მანკიერ ტრადიციას, რომელსაც თავადაც აღიარებს, სამწუხაროდ, განუხრელად  დაადგა ახალი ხელისუფლებაც, მიუხედავად არაერთი დაპირებისა, რომ პირველ რიგში, სწორედ ამ მიმართულებით მოხდებოდა რადიკალური პოზიტიური ცვლილებები", - აღნიშნა გვარამიამ.

კომენტარები