კარლ ბილდტი საქართველოზე

სესიაშვილი: კარლ ბილდტი ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას

ირაკლი სესიაშვილი
primetimenews.ge

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

"თუ ბილდტი პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რა თქმა უნდა, ჩვენი რეაქციაც იქნება ადეკვატური, რადგან მისგან ბევრი კარგი გვახსოვს, თუმცა მისი მხრიდან ეს იყო შეურაცხმყოფელი. ის აყენებს ზიანს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას", - ამბობს სესიაშვილი.

სესიაშვილი აღნიშნავს, რომ ის ბილდტის განცხადებას განცხადებას ვერ დაარქმევს, რადგან მინისტრმა ძალიან ხისტი შეფასება გააკეთა - მან მართლმსაჯულებას წინასწარ უწოდა შურისძიების მოტივით წარმართული, მაშინ როდესაც სასამართლო პროცესი არ გამართულა, მოწმეები არ დაკითხულან და ფაქტებს არ გასცნობია.

"ასეთ ფონზე ჩვენს მეგობრებს მე ასევე ვურჩევ, სანამ შეურაცხყოფას მიაყენებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მანამდე, თუ მათ სურვილი აქვთ და ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნენი არიან, ვურჩევ, დაინტერესდნენ მიმდინარე პროცესით, გამოგზავნონ თავიანთი წარმომადგენლები, დარწმუნდნენ, რომ პროცესი სამართლიანი და გამჭვირვალეა და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთონ დასკვნები, მაგრამ წინასწარ გაკეთებულ დასკვნას მე უფრო სახიფათოდ მივიჩნევ და მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის მეგობრობის კლუბში ყოფნა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე მხარეს ყოფნა, რადგან სააკაშვილი წავიდა, ღარიბაშვილიც ადრე თუ გვიან წავა. ჩვენს მეგობრებს მე ვუწოდებ მათ, ვინც რეალურად ჩემი ქვეყნის ინტერესების გვერდით დადგება და არ დაემუქრება ჩემს ქვეყანას და მოქალაქეებს ევროპული პერსპექტივების საფრთხეებით", - ამბობს სესიაშვილი.  

სესიაშვილი აღნიშნავს, რომ კარლ ბილდტის ყველა აქამდე გაკეთებული განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ ის მიკერძოებულია.

"მისი განცხადებები ეფუძნება არა რაიმე რჩევას ან რეკომენდაციას, არამედ ის წინასწარ აკეთებს ძალიან ხისტ დასკვნებს და შეურაცხყოფს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. თავისთავად ცხადია, რომ მიკერძოებულია არაერთი მისი განცხადება. მე მაშფოთებს, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთ ძლიერ მეგობრებს კარგავს, კარგავს ისევ და ისევ მათი მხრიდან არასწორად არჩეული პოლიტიკის გამო. მათი პოლიტიკა უნდა მდგომარეობდეს ქვეყნის მხარდაჭერაში და არა ვინმეს, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის სიმპათიებში", - მიაჩნია ირაკლი სესიაშვილს. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა ბილდტსა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკიავიჩუსს მათი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის გამო "სააკაშვილის მეგობართა კლუბის" წევრები უწოდა.

"თუ საქართველოს პრემიერმინისტრს არ სურს, მოუსმინოს თავისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრებს ევროკავშირში, ეს მისი არჩევანია. ამას ვითვალისწინებთ", - წერს ბილდტი ტვიტერზე და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკიავიჩუსს "უზიარებს".

ბილდტი საქართველოში მიმდინარე პროცესებს Twitter-ზე ადრეც გამოეხმაურა. მან საკუთარ კომენტარს Civil.ge-ის სტატიის ბმული დაურთო. ხსენებულ სტატიაში მოყვანილია საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრების, ასევე მმართველი კოალიციის სხვა წევრების, მათ შორის ირაკლი სესიაშვილის  გამოხმაურებები დასავლელი პოლიტიკოსებისა და მედიის კრიტიკაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას მოჰყვა.

ბილდტმა ტვიტერზე დაწერა - "საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივი სისტემის შურისძიებისთვის გამოყენების გამო ევროპისკენ მიმავალი გზიდან უხვევს. ეს ქვეყნის ინტერესებს აზიანებს".

კომენტარები