დემონსტრაცია ფერგიუსონში

ბარაკ ობამამ ფერგიუსონის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა

reuters.com

მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონში არეულობა გრძელდება. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ახალი შეტაკებები მოხდა. სამართალდამცველებმა კვლავ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ფერგიუსონის მცხოვრებლები 9 აგვისტოს თეთრკანიანი პოლიციელის მიერ 18 წლის შავკანიანი ახალგაზრდის მკვლელობას აპროტესტებენ. დემონსტრანტების მტკიცებით, ძარცვაში ეჭვმიტანილი მაიკლ ბრაუნი პოლიციას ნებდებოდა, თუმცა პოლიციელმა მას მაინც ესროლა. მკვლელობის გამოსაძიებლად ფერგიუსონში FBI-ს 40 აგენტი ჩავიდა. ქალაქს შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი ერიკ ჰოლდერიც ეწვევა. არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაკავებულია.

მისურის შტატის გუბერნატორმა ქალაქში დაწესებული კომენდანტის საათი გააუქმა. ფერგიუსონში ეროვნული გვარდიის ნაწილები შევიდა. საგანგებო განცხადებით ფერგიუსონში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოვიდა და განაცხადა, რომ გამოძიების ჩატარებას ყველანაირად ხელს შეუწყობს.

"ყველამ ვნახეთ ქუჩებში დემონსტრანტებისა და სამართალდამცველების კადრები. გასაგებია, რომ ადამიანთა უმრავლესობა მშვიდობიანი პროტესტით გამოვიდა. მაგრამ ასევე ნათელია, რომ მათი მცირე ნაწილი მშვიდობიანად არ იქცევა. მესმის აღშფოთება, რომელიც გაჩნდა მაიკლ ბრაუნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მაგრამ ძარცვა, იარაღის ტარება და პოლიციაზე თავდასხმა დაძაბულობას და ქაოსს იწვევს და სამართლიანობას ხელს არ უწყობს. ფერგიუსონის მოსახლეობას სიმშვიდისკენ და ურთიერთგაგებისკენ მოვუწოდებ", - განაცხადა ობამამ.

კომენტარები