ეროვნულ ვალუტაში სალომბარდე მომსახურებით სარგებლობის საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 60%-ს აჭარბებს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შიდა ქართლში (80%-ზე მეტი), ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი კი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში აღირიცხა და 30% შეადგინა.
2013 წელს ლომბარდების მიერ გაცემული სესხების რაოდენობამ 310.7 მილიონი ლარი შეადგინა. გაცემული სესხების 96% ფიზიკურ პირებზე მოდის. მთლიანად კლიენტების რაოდენობამ გასულ წელს 682 000 შეადგინა, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა (99.8%) ფიზიკური პირია.
საქართველოს მასშტაბით 1 031 მოქმედი ორგანიზაცია აღირიცხება, რომელიც სალომბარდე საქმიანობით არის დაკავებული. 1 031 ორგანიზაციიდან 45,8% თბილისში მდებარეობს. რეგიონებიდან ყველაზე მეტი ლომბარდი (13.5%) იმერეთის რეგიონშია.
ყველაზე აქტიური სამომხმარებლო ბაზარი თბილისშია, სადაც სალომბარდე მომსახურებით მოსარგებლეთა 60%-ია კონცენტრირებული.
საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ 13.4 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან 71% ეროვნულ ვალუტაშია გამოსახული.
2013 წელს ლომბარდებმა 21.6 მილიონი ლარის მოგება ნახეს, აქედან 50%-ზე მეტი თბილისში მდებარე ორგანიზაციებზე მოდის. ყველაზე ნაკლებმოგებიანი სალომბარდო ოპერაციები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთშია.