დაკავება პრემიერის სახლთან

ბესელია: აქციას არავინ არ უშლით, გამოხატვის თავისუფლება დაცულია

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, "აქციას არავინ არ უშლით". ბესელიამ პრემიერის სახლთან გამართული გუშინდელი აქციის მონაწილეების დაკავება შეაფასა.

"წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, როდესაც პროტესტის გამოხატვის დროს თავს გვესხმოდნენ და გვისწორდებოდნენ, დღეს უკვე გამოხატვის თავისუფლება დაცულია. გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით არის სხვადასხვა ინფორმაცია. თუ კანონის დარღვევას აქვს ადგილი, პოლიცია ვალდებულია იმოქმედოს შესაბამისად. დაველოდოთ სასამართლოს. ვიცი, რომ გარკვეული პროცედურები მიმდინარეობს. სასამართლომ უნდა თქვას, თუ სად დაირღვა კანონი და სად იყო კანონის გამოყენების აუცილებლობა საჭირო", - აცხადებს ბესელია.

ამასთან, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მის სახლთან გამართული აქცია პროვოკაციად და დესტრუქციულ ქმედებად შეაფასა. მისი განცხადებით, "ძალიან სამწუხაროა მსგავსი რამ. ასეთი ფაქტები ყოვლად დასაგმობი და მიუღებელია ჩვენს საზოგადოებაში". პრემიერის თქმით, "ჩვენ ვართ სახელმწიფო და სახელმწიფო არ დაუშვებს მსგავსი ტიპის პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს".

19 ოქტომბრის საღამოს, პრემიერ ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან, მოსაშვილის 10-ში, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები აქციას მართავდნენ, ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, ტაბულას ფოტორეპორტიორი ალექსანდრე გიორგაძე დააკავა.

დემონსტრანტების ცნობით, პოლიციამ აქციაზე პროვოკატორები შეგზავნა, რომლებიც მათი მისამართით იგინებოდნენ. დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე პირი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები პრემიერის სახლთან, ღარიბაშვილის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლას აპროტესტებდნენ. მათ ამავე შინაარსის ტრანსპარანტები ეჭირათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტაბულას ფოტოგრაფი ალექსანდრე გიორგაძე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ამასთან, შსს-ს მტკიცებით, გიორგაძემ პოლიციის თანამშრომელს რადიოგადამცემი ამოაცალა. ადვოკატ ოთო კახიძის განცხადებით კი, ამის შესახებ არაფერი წერია დაკავების ოქმში.

შსს-ს ინფორმაციითვე, ხუთი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, ხოლო ერთი - ლევან კვარაცხელია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობას ჩადენილს ძალადობით.

კომენტარები