ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ჯაფარიძე: ლარის გაუფასურება მილიარდერისთვის პრობლემა არ არის, ჩვენთვის არის

tabula.ge

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა, დღეს, 29 იანვარს ექსპრემიერ ივანიშვილის განცხადებებს უპასუხა, მათ შორის იმის შესახებ, რომ ლარის გაუფასურება არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას.

"ლარის გაუფასურების გამო, სერიოზული პრობლემები შეექმნა ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდ ნაწილს, მათ შორის პოლიციელებს, სამხედრო მოსამსახურეებს, ექიმებს, პენსიონრებს, სოციალურად გაჭირვებულებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც სახელმწიფოსგან იღებს ან ხელფასს, ან სოციალურ დახმარებას. ცხადია, ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნათ ასევე ასობით ათას ადამიანს, რომელთაც სესხი აქვთ გამოტანილი დოლარში და ყოველთვიურად გაცილებით დიდი თანხის გადახდა უწევთ ფინანსური ინსტიტუტებისთვის, ვიდრე აქამდე უწევდათ.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო უნდა იყოს პატარა ქვეყანა, ამბიციების გარეშე და ნელი ეკონომიკური ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს დღეს. ამ ადამიანის გადმოსახედიდან, ადამიანს, რომელსაც აქვს რამდენიმე მილიარდი დოლარი, ქონება და უზრუნველყოფილი აქვს როგორც საკუთარი, ისე საკუთარი შვილებისა და შვილიშვილების ცხოვრება, ცხადია, ეს არ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ ეს პრობლემაა საქართველოს მოსახლეობისთვის, ჩვენთვის, ვისაც სურვილი აქვს, რომ საკუთარ ცხოვრებაში ან საკუთარმა შვილებმა მაინც მოასწრონ, განვითარებულ, ევროპული ტიპის ქვეყანაში ცხოვრება, ამიტომ ჩვენ გვეჩქარება ქვეყნის სწრაფი განვითარება.

ამ ადამიანს შეიძლება ეს არ ეჩქარებოდეს. ამ ადამიანმა ასევე განაცხადა, რომ ის მზად არის დაჯდეს დებატებში ნებისმიერთან, ვინც ამტკიცებს, რომ ლარის გაუფასურება არის პრობლემა და ეკონომიკაში არის პრობლემები, მე, ზურა ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წევრი, მთავარი ოპოზიციური პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ვაცხადებ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერი მაუწყებლის ეთერში, ნებისმიერ დროს, როცა ეს ადამიანი ჩათვლის, რომ ის არის მზად, დავუჯდე მას პირდაპირ ეთერში და ავუხსნა, რატომ არის ეროვნული ვალუტის გაუფასურება ქვეყნისთვის პრობლემა და როგორ აზარალებს ეს საქართველოს გაჭირვებულ მოსახლეობას", - განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები