"როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა განმიცხადა, ის ჩავიდა გასვენებაში და სამძიმარზე შევიდა მის ახლობელთან. სასაფლაოზე ის არ ყოფილა. 19-ში ჩავიდა სოფელში, წავიდა სამძიმარზე ყარაფილაში", - ამის შესახებ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა.
ჯოგლიძის თქმით, სასაფლაოს გვერდზე არ ჩაუვლია და ამის მოწმეებიც ჰყავს.
"20-იანვარს იმყოფებოდა კასპში და იმყოფებოდა მეგობართან სასადილოში. საკონსერვო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასადილოში, სადაც მის მეგობრის ტელეფონზე დარეკეს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქებულა იური ვაზაგაშვილი. მისგან შეიტყო გია სოსანაშვილმაც", - ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, გია სოსანაშვილი 8 თებერვალს დააკავეს. მას 20 იანვარს სოფელ ყარაფილაში ზურაბ ვაზაგაშვილის მამის, იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში სდებენ ბრალს.