იური ვაზაგაშვილის საქმე

მშვენიერაძე: ევროსაბჭო ითხოვს, წევრ ქვეყნებში დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია

თეორემა/ტაბულა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში უდანაშაულობის პრეზუმფციაზე საუბრობს. აღსანიშნავია, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილი პროკურატურამ "მკვლელად" და "მკვლელობის ჩამდენ პირად" მოიხსენია. მშვენიერაძის თქმით, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა საზოგადოებაში ახდენს აზრის ფორმირებას პირის დამნაშავეობაზე და ჩნდება განწყობები. "ამ განწყობებისგან, სამწუხაროდ, ვერ ხდება და ვერ მოხდება შემდგომში სასამართლოს გათავისუფლებაც", - ამბობს მშვენიერაძე.

"ჩვენ საბჭოთა მემკვიდრეობიდან მოვდივართ, ჩვენი სამართალიც საბჭოთა მარწუხებისგან ვერ გათავისუფლდა და, სამწუხაროდ, საქართველოში წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ დე-იურე 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით აღიარებულია პირის უდანაშაულობის პრეზუმფცია, ძალიან ხშირად ვაწყდებით შემთხვევებს, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები მტკიცებით ფორმაში აცხადებენ პირის ქმედების შესახებ ინფორმაციას, ხოლო პირებს ხშირ შემთხვევაში მოიხსენიებენ დამნაშავეებად. ეს ტრადიცია ახალი არ არის.
რას ნიშნავს უდანაშაულობის პრეზუმფცია - ყველა პირი მანამ, სანამ არ დამტკიცდება მისი დანაშაული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, რომელიც შესულია ძალაში, მიიჩნევა უდანაშაულოდ", - თქვა მშვენიერაძემ.

მშვენიერაძის განმარტებით, ეს პრინციპი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მაღალი თანამდებობის პირების მიერ ან უწყებების სახელით გაკეთებული განცხადებებით საზოგადოებაში ხდება აზრის ფორმირება პირის სავარაუდო დამნაშავეობაზე, ყალიბდება განწყობები, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. "ამ განწყობებისგან, სამწუხაროდ, ვერ ხდება და ვერ მოხდება შემდგომში სასამართლოს გათავისუფლებაც. ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფო, ჩვენს სახელმწიფოში ვრცელდება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენცია, რომლის მოთხოვნაა, რომ ყველა წევრ სახელმწიფოში იყოს დაცული უდანაშაულობის პრეზუმფცია", - თქვა მშვენიერაძემ.

კომენტარები