გიგი უგულავას საქმე

უგულავა: ადრე პროკურატურა პოლიტიზირებული იყო, ახლა ფალსიფიკატორიცაა

ჩვენ დროს პროკურატურა პოლიტიზირებული იყო, ახლა პოლიტიზირებული და ფალსიფიკატორია - ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ, სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

უგულავას თქმით შევარდნაძის დროს პროკურატურა იყო კორუფციული, პოლიტიზირებული და ფალსიფიკატორი. ნაციონალური მოძრაობის დროს პროკურატურა პოლიტიზირებული იყო, მაგრამ კორუფციული და ფალსიფიკატორი არ ყოფილა, ახლა კი პროკურატურა პოლიტიზირებულია და ფალსიფიკატორია. კორუმპირებული კი იმიტომ, არ არის რომ წინა მთავრობამ ამ მიმართულებით ბევრი იმუშავა და ახლა ინერციითაა შენარჩუნებული წინა ხელისუფლების მიღწევები.

დღესვე თბილისის ყოფილმა მერმა მისი საქმის გამომძიებელს მიმართა და აღნიშნა, რომ პროკურატურა მას აბსურდულ ბრალდებებს უყენებს.

"ბატონო გამომძიებელო, მოვა დრო და სამართლიან სასამართლოში თქვენ იქნებით მთავარი მოწმე, რის საფუძველზე მოხდა ჩემი დაკავება, ვინ მოიგონა ეს სისულელე. დიახ, აუცილებლად ასე იქნება. ეს, დღეს რაც ხდება, არ არის სამართლიანობის აღდგენა, ეს ფარსია. თქვენ მოგიწევთ საუბარი ამ ტყუილზე, რასაც აქ ლაპარაკობთ. აუცილებლად იქნება ეს გამოძიებული,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ნინო სანდოძემ არ დააკმაყოფილა გიგი უგულავას დაცვის მხარის მოთხოვნა, აღკვეთს ღონისძიების ნაცვლად უგულავას 20000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შესახებ და თბილისის ყოფილი მერი პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები