თბილისის საკრებულო

ფიროსმანის ქუჩაზე შესაძლოა, დუქნები და სამიკიტნოები გაიხსნას

თბილისის საკრებულო

საკრებულოში ნიკო ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციაზე იმსჯელეს. ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის თავმჯდომარის რიმა ბერაძის ინიციატივით, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმარეთა. შეხვედრაზე ნიკო ფიროსმანის ქუჩისა და მუზეუმის აღდგენა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი როსტომაშვილის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია განიხილეს. 

ირაკლი როსტომაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ფიროსმანის ქუჩასა და მიმდებარე ტეროტორიებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო და ფიროსმანის ეპოქის დამახასიათებელი დუქნებისა და სამიკიტნოების მსგავსი ობიექტების აღდგენის, ასევე სავაჭრო ცენტრების განთავსების ინიციატივით მიმართა. ის, სურვილის შემთხვევაში, დეპუტატებს პროექტის უსასყიდლოდ გადაცემას დაჰპირდა. საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნულ ინიციატივას დადებითი შეფასება მისცა. მისი თქმით, იმისათვის, რომ არ დაირღვეს მოსახლეობის უფლებები და თბილისმაც არ დაკარგოს ძველი იერსახე, აუცილებელია ისეთი ინვესტორის შერჩევა, რომელიც ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს. 

რიმა ბერაძის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები საკრებულოში კვლავაც გაგრძელდება და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ სხვა ალტერნატიულ პროექტებსაც განიხილავენ.

კომენტარები