წინასწარი პატიმრობა

PACE-მ რეზოლუციაში ქართული ოცნების შესწორებები არ გაითვალისწინა

assembly.coe.int

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 89-10-ის წინააღმდეგ მიიღეს რეზოლუცია "წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან მიმართებით". ანგარიშში საქართველოს, რუსეთისა და თურქეთის შესახებ არის საუბარი. რეზოლუცია PACE-ის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოამზადა. მომხსენებელი ევროპის სახალხო პარტიის წევრი, პედრო აგრამუნტი იყო.

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, რეზოლუციაში პარტიის მიერ დასახელებული ყველა ცვლილება შევიდა, ქართული ოცნების შენიშვნები კი არ გაიზიარეს.

ტაბულა რეზოლუციის ტექსტს გამოქვეყნებისთანავე შემოგთავაზებთ.

მანამდე, როგორც რეზოლუციის პროექტში იყო აღნიშნული, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების საფუძვლებია:

- დაკავებულზე ზეწოლა დანაშაულის აღიარების ან პროკურატურასთან სხვა მხრივ თანამშრომლობის მიღწევის მიზნით (მაგალითად, სერგეი მაგნიტსკის საქმე რუსეთში).
- პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია ან სხვაგვარად ნეიტრალიზება (მაგალითად, ენმ-ის ლიდერების ზოგიერთ საქმეზე საქართველოში)

რეზოლუციის პროექტში წერია, რომ საქართველომ, რუსეთმა და თურქეთმა წინასწარი პატიმრობების შესამცირებლად რეფორმები გაატარეს, თუმცა, წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება აღნიშნულ ქვეყნებში მაინც გრძელდება.

რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების საფუძვლები მოიცავს პროკურატურის მიერ მოსამართლის შერჩევისას "სასამართლოს ბაზრის" გამოყენებას, რათა ისინი დარწმუნდნენ, რომ წინასწარ პატიმრობაზე გადაწყვეტილებას გამოიტანს ის მოსამართლე, რომელიც მოსალოდნელია, რომ "დამთმობი" იქნება. ასევე მოიცავს შესაძლებლობას, რომ პროკურატურა გვერდს აუვლის წინასწარი პატიმრობის ლიმიტს ბრალის მოდიფიცირებით.

ევროსაბჭოს ასამბლეა მოუწოდებს სახელმწიფოებს, მიიღონ ზომები, რათა შემცირდეს წინასწარი პატიმრობა:

- გაზარდონ მოსამართლეებისა და პროკურორების ინფორმირება წინასწარი პატიმრობების კანონიერი ვადის შესახებ და ასევე წინასწარი პატიმრობების ნეგატიური შედეგის შესახებ, რასაც დაკავებულებს, მათ ოჯახებს და მთლიანად საზოგადოებას მოუტანს;

- დარწმუნდნენ, რომ წინასწარ პატიმრობებზე გადაწყვეტილებები მიღებულია უფროსი მოსამართლეების მიერ და ისინი წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე უარის თქმაზე ნეგატიურ შედეგებს არ მიიღებენ;

- მიიღონ ზომები, რათა თავიდან აიცილონ პროკურორების მიერ მოსამართლის არჩევისას "სასამართლოს ბაზრის" გამოყენება და გაათავისუფლონ ყველა ის პირი, ვინც წინასწარ პატიმრობაში არაკეთილსინდისიერი მიზნებით იმყოფება.

რეზოლუციის პროექტს თან ახლავს პედრო აგრამუნტის მოხსენება, სადაც ის კონკრეტულად საქართველოზე საუბრობს.

აგრამუნტი წერს, რომ საქართველოში ვიზიტისას ის საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, იუსტიციის მინისტრს, მთავარ პროკურორს, ომბუდსმენს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და წინასწარ პატიმრობაში მყოფ ბრალდებულთა ადვოკატებს შეხვდა. მან მოინახულა დაპატიმრებული ვანო მერაბიშვილი (ყოფილი პრემიერმინისტრი), გიგი უგულავა (თბილისის ყოფილი მერი) და ბაჩანა ახალაია (ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი).

"საქართველოს ჰქონდა განსაკუთრებით მაღალი რაოდენობა პატიმრობის (წინასწარი პატიმრობის ჩათვლით) წინა ხელისუფლების დროს, 2012 წლის ოქტომბრამდე. 2014 წელს 100 000 მოსახლიდან წინასწარ პატიმრობაში 40 იყო, 2013-ში - 28.

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, დაკავების მაღალი მაჩვენებელი იყო კრიმინალის შემცირებისთვის გარდაუვლად საჭირო. მათი თქმით, აღნიშნულ პოლიტიკას ჰქონდა გვერდითი ეფექტები, ციხის გადატვირთვისა და პატიმრობის მკაცრი პირობები. ისინი გეგმავდნენ, რომ შეეცვალათ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა მას შემდეგ, რაც მიიღებდნენ სასურველ შედეგს და საქართველოს კრიმინალისგან უფრო უსაფრთხოს გახდიდნენ.

ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები აკრიტიკებდნენ წინამორბედებს და ამბობდნენ, რომ დაკავების სტატისტიკას გამოასწორებდნენ. ისინი ხსნიდნენ, რომ 2014 წელს დაკავებების ზრდის ტენდენცია შეიძლება, აიხსნას იმით, რომ 2012 წლის ამნისტიის კანონით გათავისუფლებული პატიმრებმა კვლავ ჩაიდინეს დანაშაული, განსაკუთრებით ნარკოდანაშაული, რის შედეგადაც ისინი წინასწარ პატიმრობაში აღმოჩნდნენ, რათა ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენცია მომხდარიყო.

ამავე დროს, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ წინასწარი პატიმრობის შერჩევითი და, სავარაუდოდ, ბოროტად გამოყენების წარმოუდგენელი რაოდენობა აჩვენებს, რომ ახალმა ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ცდუნებას, გამოეყენებინა სამართალდამცავი მექანიზმები ოპოზიციის შესავიწროვებლად და დასასუსტებლად. როგორც არსებული ფაქტებიდან ჩანს, ყოფილი თანამდებობის პირების უმრავლესობა ან წინასწარ პატიმრობაშია ან მათი დაკავება სურთ - ესენია ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრემიერმინისტრი ივანე მერაბიშვილი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის ყოფილი მერი და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის უფროსი გიორგი უგულავა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია, ასევე მისი ძმა დავით ახალაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი. 2015 წლის აპრილში მივიღე სია 24 ყოფილი მაღალჩინოსნისა, რომლებმაც განიცადეს სისხლისსამართლებრივი დევნა ახალი ხელისუფლების მხრიდან.

მე ორივე მხარეს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ნათლად განვუმარტე, რომ ჩემს მანდატში არ შედის, დავიკავო რომელიმე მხარის პოზიცია, დავამტკიცო დაკავებულთა დანაშაული თუ უდანაშაულობა. არც მიცდია ნაციონალური მოძრაობიდან ჩემი პოლიტიკური კოლეგების დაცვა, რაც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ასე პირდაპირ დამაბრალა მისივე სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. ჩემი როლი მოიცავს მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებასა და კომენტირებას. კომენტირებას ვახდენ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, კერძოდ, იმ სტანდარტების მიხედვით, რომლებიც გაწერილია ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით და ინტერპრეტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ", - წერს აგრამუნტი.

როგორც აგრამუნტი წერს, საქართველოში ყოფნისას, მან ნამდვილად ნახა სამწუხარო ფაქტები, როდესაც მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები მის წინამორბედებზე უარყოფით კამპანიას ახორციელებდნენ, რაც წინ უძღოდა მათ დაკავებებს და ჩანდა, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდნენ.

"მაგალითად, იუსტიციის მინისტრმა, სახალხოდ განაცხადა, რომ მისი მიზანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განადგურებაა და ის და ქართული ოცნების სხვა წამყვანი ფიგურები ოპონენტებს კრიმინალებსა და დამნაშავეებს უწოდებდნენ, მეტიც "მონსტრებს", სანამ მათ დააპატიმრებდნენ. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეს იყო ნიმუში, როდესაც საჯარო ბრალდებების შემდეგ, რაც ადამიანის უფლებების დარღვევა იყო, ხდებოდა დაკავებები, ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობები და საბოლოოდ ბევრად ნაკლები გამამართლებელი განაჩენი.

მე არ ვამბობ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყველა ლიდერი უდანაშაულოა და არ ვემხრობი იმას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დანაშაულის ჩადენისას არ უნდა დაისაჯონ. მაგრამ ჩემთვის რთული წარმოსადგენია, რომ, პრაქტიკულად, მთელი წინა ხელისუფლება კრიმინალია. გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციის მოთხოვნებზე მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილისა და დავით ახალაიას მიმართ უკრაინამ, საფრანგეთმა და საბერძნეთმა უარი იმიტომ თქვეს, რომ ეს მოთხოვნები პოლიტიკურად მოტივირებულად ჩათვალეს", - წერია დოკუმენტში.

როგორც აგრამუნტი წერს რეზოლუციაში, "საქართველოში ჩემი ვიზიტისას გიგი უგულავა, მერაბიშვილი და ახალაია დაკავებულები იყვნენ, ისინი წინასწარ პატიმრობაში იყვნენ უჩვეულოდ დიდხანს. უგულავას დაკავებამ გადააჭარბა კანონით გათვალისწინებულ 9-თვიან ლიმიტს, რაც თბილისი დავტოვე. არასამთავრობოები ამბობდნენ, რომ პოლიტიკურ საქმეებზე პროკურორები კანონს ხშირად გვერდს უვლიდნენ. იყენებდნენ "სერიული ბრალდებების" პრაქტიკას ერთისა და იმავე პირის მიმართ და თითოეულ ბრალდებაზე 9-თვიანი ვადა იწყებოდა. უგულავა ამბობდა, რომ მას არ აძლევდნენ უფლებას, ოჯახის წევრები ენახა, "გამოძიების ინტერესების" მოტივით. პირველად მან ოჯახში იანვარში დარეკა, დაკავებიდან 6-ნახევარი თვის შემდეგ, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ კანონმდებლობით თვეში სამი 15-წუთიანი ზარის განხორციელება შეუძლია. ბაჩო ახალაიამ წინასწარ პატიმრობაში 2 წელი გაატარა. მას ამ პერიოდის განმავლობაში უფლება არ ჰქონდა, შეხვედროდა ოჯახის წევრებსა და დაერეკა მათთვის. არც იმის უფლება მიეცა, ენახა ახალდაბადებული შვილი, რომელიც დაკავების შემდეგ შეეძინა. როდესაც მთავარ პროკურორს ვესაუბრე ამ საკითხებთან დაკავშირებით, მას არ ახსოვდა აღნიშნული პირებისგან თხოვნები, შეხვედროდნენ ოჯახის წევრებს, მაგრამ დამპირდა, რომ აღნიშნულს შეისწავლიდა. თუმცა, ინფორმაცია, რაც ხელისუფლების წარმოადგენლებისგან მივიღე, იყო არასრული და არადამაჯერებელი.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიურო საქართველოს შესახებ ანგარიშში, რომელიც სასამართლო პროცესების მონიტორინგს ეხებოდა, უამრავი შენიშვნაა გამოთქმული წინა ხელისუფლების წარმომადგენლების სასამართლო პროცესების შესახებ - საუბარია უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე, ეჭვია გამოთქმული პროკურატურის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობაზე. ასევე გამოთქმულია შეშფოთებები საერთაშორისო სტანდარტებს შეუსაბამო წინასწარი პატიმრობის გამოყენებისა და მისი ვადის შესახებ", - წერია აგრამუნტის მოხსენებაში.

კომენტარები