ლარის გაუფასურება

ლარის გაუფასურება გრძელდება - ერთი დოლარის ღირებულება 2.44 ლარი გახდა

კოლაჟი / ტაბულა

ლარი გაუფასურების ისტორულ მინიმუმს მიუახლოვდა, ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარი 2.44 ლარი ღირს. ლარი დღესვე ნახევარი თეთრით ევროს მიმართაც გაუფასურდა, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.6635 ლარი გახდა.

საპარლამენტო უმცირესობაში ლარის გაუფასურებას საგანგაშოს უწოდებენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ მელიქიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ნომერი პირველი გამოწვევა ლარის გაუფასურებაა. მელიქიშვილის თქმით, პრობლემების მხოლოდ ეროვნულ ბანკზე გადატანა არასწორია, რადგანაც სავალუტო რეზერვები ამოწურვადია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ კი დღეს განაცხადა, რომ მისთვის ლარი მნიშვნელოვნად არ გაუფასურებულა, რადგანაც მისი მსყიდველუნარიანობა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა.

"ლარი რეგიონში მაინც ყველაზე სტაბილური იყო. ლარის გაუფასურებას იწვევს არა გაცვლითი კურსი, არამედ ფასების ზრდა. 10 ლარით თუ შემიძლია იგივე ვიყიდო, რასაც 1-2 წლის წინ ვყიდულობდი, ესე იგი ჩემთვის ლარი არ გაუფასურებულა. მეც მაქვს დოლარში კრედიტი აღებული, ეს ცუდი სწორედ იმისთვისაა, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, კრედიტი კი დოლარში", - ამბობს ტყემალაძე. 

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა. 2015 წლის 21 სექტემბერს კი, ერთი ამერიკული დოლარი 2.45-ზე 0.0001 თეთრით ნაკლები ღირდა. 

კომენტარები