მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

4-წლიანი წყვეტის შემდეგ, 27 მაისს, გალში IPRM-ის საგანგებო შეხვედრა გაიმართება

2016 წლის 27 მაისს, ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ პირველად, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) საგანგებო შეხვედრა გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრა ქართული მხარის მოთხოვნით დაიგეგმა.

"შეხვედრის ფარგლებში ქართული მხარე დააყენებს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკითხს. აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო აფხაზეთში უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა. ამასთან, 24 მაისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა თავის რუს კოლეგას, გრიგორი კარასინს, ტელეფონით დაუკავშირდა და განიხილა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის დაუყოვნებლივ ჩატარების საკითხი", - აცხადებს საგარეო უწყება.

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენაზე 23 მარტს გამართულ ჟენევის მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ.

IPRM-ის შეხვედრები, ერგნეთის მსგავსად, 2009 წლიდან გალშიც იმართებოდა. ის 2012 წელს აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით შეწყდა. აფხაზურმა მხარემ მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ევროკავშირიდან საქართველოში, ანჯეი ტიშკევიჩი აფხაზეთის ტერიტორიაზე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

კომენტარები