დაიცავი თავისუფლება

დაიცავი თავისუფლება: კონცერტს მაინც გავმართავთ, ხელისუფლება ხელს ნუ შეგვიშლის

პლატფორმა დაიცავი თავისუფლება რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში, ახალციხეში ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" კონცერტის დაბლოკვას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს. პლატფორმა გმობს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დარღვევას და მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან კონცერტის გამართვას მაინც აპირებს. დაიცავი თავისუფლება ხელისუფლებას მოუწოდებს, კონცერტის ჩატარებას ხელი არ შეუშალოს. ამასთან, პლატფორმამ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა და ინფორმაცია მიაწოდა.

"კონცერტისთვის მზადება მაისის დასაწყისში დავიწყეთ. თავდაპირველად, კონცერტის გამართვას რაბათში ვგეგმავდით. რაბათი სახელმწიფოს კუთვნილი ობიექტია და ახალციხის მერიის იურისდიქციის ქვეშაა. რაბათის ადმინისტრაციასთან ერთთვიანი მოლაპარაკებებისას შევთანხმდით, რომ კონცერტის გასამართი ადგილისთვის 300 ლარი უნდა გადაგვეხადა, ამის დამადასტურებელი სატელეფონო ჩანაწერი გვაქვს. მიუხედავად ამისა, გასულ პარასკევს, რაბათის ადმინისტრაციამ დაგვირეკა და შეგვატყობინა, რომ ფასი 5 000 ლარამდე გაიზარდა და ეს ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" განსაკუთრებული პოპულარულობით ახსნეს. "გამოუვალი მდგომარეობაა" სწორედ ის ჯგუფი, რომელსაც უნდა ემღერა. 5000 ლარი უპრეცედენტო რაოდენობის თანხაა ამ ლოკაციისა და მიზნებისთვის დაგეგმილი კონცერტისთვის", - აცხადებს დაიცავი თავისუფლება და აღნიშნავს, რომ მათ მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მინისტრ დავით ბაქრაძეს სთხოვეს. თუმცა, ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

"ამის შემდეგ ადგილი შევცვალეთ და ახალციხის ცენტრში დავგეგმეთ კონცერტი. ამის შესახებ ვაცნობეთ ახალციხის მერიას, რაზეც მერიამ უკანონო მიზეზებით უარი გვითხრა. ჩვენ ვგმობთ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დარღვევას ადგილობრივი ხელისუფლებისგან და კონცერტის გამართვას მაინც ვგეგმავთ. მივმართავთ ხელისუფლებას, არ შეგვიშალოს ხელი", - ნათქვამია განცხადებაში.

პლატფორმა დაიცავი თავისუფლება აერთიანებს აქტივისტებს, დამოუკიდებელ ჯგუფებს, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს საქართველოში. პლატფორმა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მუშაობს.

დაიცავი თავისუფლება 2015 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. პლატფორმის სურვილია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება რუსული პოლიტიკის მიზნებთან დაკავშირებით. მისი მიზანია კრემლის პროპაგანდის ძალისხმევის გამოვლენა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების გაზრდა.

კომენტარები