ბლოკჩეინი

წულუკიანი: იუსტიციის სამინისტრო ბლოკჩეინ სისტემის გამოყენებას დაიწყებს

facebook.com/MinistryofJusticeofGeorgia

იუსტიციის სამინისტრო 2017 წლის ზაფხულიდან ბლოკჩეინ სისტემის გამოყენებას დაიწყებს, ამის შესახებ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, ბლოკჩეინ სისტემაში უძრავი ქონების მფლობელობის შესახებ ამონაწერები განთავსდება. 

"ვიყავით და დავრჩებით ჩვენს ორ სხვა კოლეგა სამინისტროსთან ერთად წამყვანი უწყება მთავრობაში ელექტრონული მმართველობისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის დარგში. ზაფხულში ჩვენ უკვე შევძლებთ ეგრეთ წოდებული ბლოკჩეინის სისტემის ამუშავებას და უძრავი ქონების ამონაწერის განთავსებას ამ აბსოლუტურად უსაფრთხო და ინოვაციურ სისტემაში", - ამბობს წულუკიანი.

იუსტიციის სამინისტრომ აპრილში ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა ბლოკჩეინ ტექნოლოგიების კომპანია Bitfury-სთან. მემორანდუმი ქვეყანაში უძრავი ქონების რეგისტრაციის საპილოტე პროექტის მომზადებას ითვალისწინებდა. მაშინ ითქვა, რომ ახალ სისტემაზე გადასვლა რეგისტრაციის ღირებულების შემცირებას გამოიწვევდა. 

ქონების რეგისტრაციისთვის ბლოკჩეინ სისტემის გამოყენება 2015 წელს ჰონდურასში დაიწყო, ახალი სისტემის დანერგვის მიზანს დაურეგისტრირებელი მიწების აღრიცხვის გამარტივება და ეკონომიკური ზრდის წახალისება წარმოადგენდა. 

ბლოკჩეინი არის სისტემა, რომელიც დღეისთვის ყველაზე ფართოდ ელექტრონული ვალუტა ბიტკოინის ტრანზაქციების აღრიცხვისთვის გამოიყენება. 2016 წელს კი მისი ეფექტურობის ტესტირება საბანკო ტრანზაციებისთვის დაიწყეს ისეთმა ბანკებმა, როგორიცაა J.P. Morgan და Citigroup. ანალიტიკოსები უკვე ბლოკჩეინ რევოლუციის დასაწყისზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მისი საშუალებით საბანკო ტრანზაციების სანდოობა გაიზრდება, ხოლო სიჩქარე და ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. კომპანია Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ბლოკჩეინს აქვს პოტენციალი, რომ გლობალური ტრანზაქციების განხორციელების სისტემა სრულად შეცვალოს. 

ბიტკოინით განხორციელებული ყველა ოპერაციის უკან ბლოკჩეინ სისტემა დგას, რაც მისი გარიგებების აღრიცხვისთვის გამოიყენება. ბიტკოინს ცენტრალური ბანკი არ აქვს, მისი შექმნა ნებისმიერი კომპიუტერიდან შეიძლება.

კომენტარები