ჯანდაცვა

ქადაგიძე: უკეთესი ჯანდაცვისთვის აუცილებელია სექტორის მაქსიმალური პრივატიზაცია

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში უკეთესი ჯანდაცვის სისტემის შექმნისთვის აუცილებელია, რომ სახელმწიფომ "თავი დაანებოს ილუზიას" რომ ის მართავს ყველაზე უკეთესად ჯანდაცვის პროგრამებს და სექტორი ახალი კომპანიებისთვის გახსნას. ქადაგიძის თქმით, აუცილებელია, რომ სისტემაში გაჩნდეს ფინანსური გამჭვირვალობა, რაც აშკარას გახდიდა სინამდვილეში სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხების რა ნაწილი ხმარდება სერვისს და რა მიდის კლინიკების მოგებაში. ქადაგიძე სეტქორში კონკურენციის ზრდის ერთ-ერთ შედეგად ჯანდაცვის ხარისხთან ერთად ამ სექტორში დასაქმებულთა სამუშაო პირობებიც გაუმჯობესებასაც მიიჩნევს. 

თემა 2 ჯანდაცვა

"ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა რომ ნებისმიერი ხელისუფლების ამოცანაა ეს უდავოა მაგრამ ამ თემაზე მსჯელობა შინაარსიდან გამომდინარე ყოველთვის რთულია თემით სპეკულაციისა და პოპულიზმის გამო.

2014 წლიდან სახელმწიფომ გადაწყვიტა რომ იგი უკეთესად მართავს ჯანდაცვის ხარჯებს ვიდრე კერძო სექტორი და მივიღეთ შემდეგი ვითარება.

ერთადერთი კომპანია რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობს და საკუთარ ფინანსურ მაჩვენებლებს აქვეყნებს კომპანია ევექსია, რომელსაც სხვა კონკურენტებთან შედარებით გაცილებით დიდი აქვს ადმინისტრაციული დანახარჯები და მიუხედავათ ამისა, მომგებიანობა (დაბეგვრამდე და ამორტიზაციამდე) 30%-ია. თუ ამ რიცხვს განვაზოგადებთ (მერწმუნეთ ეს ძალიან კონსერვატიული მიდგომაა) გამოდის:

2016 წელს საყოველთაო ჯანდაცვაზე ფაქტიურად დახარჯული 600 მილიონი ლარიდან, 200 მილიონი რამდენიმე კლინიკის მეპატრონეთა მოგებაა. იგივე მდგომარეობაა თითქმის ყველა სხვა პროგრამაში (დიალიზი, ნარკოლოგია და ა.შ.)

ანუ 800 მილიონიდან რომელსაც სახელმწიფო ჯანდაცვაზე ხარჯავს და სოციალურ ბიუჯეტს ეძახის 240 მილიონი არის კლინიკების და პროგრამების ოპერატორების მოგება და ამას კიდევ უნდა დავუმატოთ თვითონ ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯი.

ამავე დროს არ იზრდება არც ექიმების და არც სხვა სამედიცინო პერსონალის ხელფასები და არ უმჯობესდება ზოგადი ხარისხი.

ჯანდაცვის მენეჯმენტი რთული და კომპლექსური საკითხია უამრავი პრობლემით მაგრამ შემდეგი ორი ნაბიჯი არის ჩემი აზრით აუცილებელი.

ა) სახელმწიფომ უნდა დაანებოს თავი ილუზიას რომ ის უკეთესად მართავს ვიდრე კერძო სექტორი. პროგრამების მართვა უნდა მაქსიმალურად განკერძოვდეს და შემოვიდეს კონკურენცია ამ სფეროში

ბ) ყველა ვინც შემოსავლის უმეტეს ნაწილს იღებს საბიუჯეტო სახსრებიდან ვალდებული უნდა იყოს გამოაქვეყნოს თავისი ფინანსური ანგარიშგება (როგორც ეს ბანკებში/დაზღვევაშია)",- წერს ქადაგიძე საკუთარ facebook-ში.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს ყველაზე მეტ 3.4 მილიარდიან საბიუჯეტო დაფინანსებას ჯანდაცვის სამინისტრო მიიღებს. აქედან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე წელს არსებულზე 90 მილიონით მეტი 660 მილიონის დახარჯვა იგეგმება.

კომენტარები