მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე გადაღებულ ფოტოებზე: არაფერი მაქვს დასამტკიცებელი

Facebook/ Mikheil Saakashvili

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინულ მედიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მიუხედავად შეთავაზებისა, უკრაინულმა მედიამ ტრამპის ინაუგურაციაზე მისი დასწრების გაშუქებაზე უარი თქვა. როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, მათ მხოლოდ ისეთი ფოტოები გამოაქვეყნეს, სადაც ის ცერემონიაზე იმ ადამიანებთან ერთად დგას, ვისაც რუსეთთან აქვს კავშირი. 

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე წერს:

ჩვენ უკრაინულ ტელეკომპანიებს შევთავაზეთ, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ჩემი დასწრება გაეშუქებინათ. ყველა ტელეკომპანიამ უარი განაცხადა, თუმცა ზოგიერთი მათგანი მეგობრულად უწევს ტირაჟირებას რუსეთთან დაკავშირებულ ხალხთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, რომლებზეც მე უკვე ცერემონიიდან გამოვდივარ და ჩემი ჯგუფის ნაწილს ველოდები. უნიჭოები უნიჭოებად რჩებიან. მე არაფერი მაქვს დასამტკიცებელი და მოსაყოლი. ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მე კონტაქტი მქონდა ტრამპის გუნდთან, ბევრ მათგანს პირადადაც ვიცნობ და ვაპირებ, რომ ინტენსიურად ვითანამშრომლო ამ ადმინისტრაციაში უკრაინის მეგობრებთან, რასაც არ უნდა ამტკიცებდნენ ჩვენი მტრები. ხან აეროპორტში მიღებენ ჩუმად ფოტოებს, ხანაც ცერემონიიდან გამოსვლისას და მერე ათასგვარ სისულელეს აკერებენ. ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და მტრებს ჩვენი ეშინიათ. დაე გააგრძელონ ჩემი „დისკრედიტაციის“ მცდელობა, ჩვენ კი გავაგრძელებთ ყველა ჩვენს პარტნიორთან და მეგობართან მუშაობას იმისთვის, რომ უკრაინის საერთაშორისო პოზიციები გავამყაროთ. სჯობს, მათაც თავიანთი რესურსი ქვეყნის საერთაშორისო პოზიციების გასაძლიერებლად დახარჯონ და არა ჩემს დევნაში აეროპორტებსა თუ ტუალეტებში. 
მე არ მჭირდება ჩემი პირადი საერთაშორისო მეგობრული კავშირებით სპეკულირება იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ნდობა მოვიპოვო. ჩემი ბრძოლის ველი თვითონ უკრაინა და უკრაინული პოლიტიკაა, საიდანაც მასზე ჩაბღაუჭებულ ვაჭრუკანებს გავაქრობთ.


ფოტო: Facebook/ Mikheil Saakashvili

 

 


ფოტო: Facebook/ Mikheil Saakashvili

კომენტარები