"რუსეთი არის ბაზარი, სადაც ყველაზე მეტი ცნობადობა აქვს ქართულ ღვინოს", - ამბობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოდან 52.7 მილიონი ბოთლი ღვინო არის ექსპორტირებული, რაც წინა წელთან შედარებით 63%-ით მეტია.
მთლიანი ექსპორტიდან 33.2 მილიონი ბოთლი რუსეთზე მოდის, რაც ექსპორტის 62.9%-ია. რუსულ ბაზარზე წელს ექსპორტი მთელი 95%-ით არის გაზრდილი.
ლევან დავითაშვილის თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩინურ ბაზარზე არსებული ზრდის ტენდენცია, წელს ჩინეთში უკვე ექსპორტირებულია 5.5 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 44%-ით მეტია.
ქვეყნების მიხედვით ექსპორტის მაჩვენებლები ასე გამოიყურება:
- რუსეთი - 33.2 მილიონი ბოთლი
- ჩინეთი - 5.5 მილიონი ბოთლი
- უკრაინა - 5.3 მილიონი ბოთლი
- ყაზახეთი - 2 მილიონი ბოთლი
- პოლონეთი - 1.8 მილიონი ბოთლი
ამასთან, მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 354 403 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 89%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 25 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 84%-ს აღწევს.
საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 147 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 131% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 439,3 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83%-ს მიაღწია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 194 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 54% შეადგინა.