კანადელი მილიარდერი ბარი შერმანი და მისი ცოლი ჰანი ტორონტოში საკუთარი სახლის სარდაფში გარდაცვლილები იპოვეს. ცხედრები უძრავი ქონების აგენტმა აღმოაჩინა, რომელიც იქ სახლის პოტენციური მყიდველებისთვის საჩვენებლად მივიდა. შერმანები ტორონტოს სახლს $7 მლნ ყიდდნენ.
კანადელი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ გარდაცვალება "საეჭვო" ვითარებაში მოხდა, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ. ასევე, უცნობია, ეძებს თუ არა პოლიცია ეჭვმიტანილს.
წყვილის გარდაცვალებას კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო თვითერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა და გარდაცვლილთა ოჯახს მიუსამძიმრა.
ბარი შერმანი კანადაში უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიის "Apotex" დამფუძნებელი და ფილანტროფი იყო.