ტატუნაშვილის საქმის რეზოლუცია

სამადაშვილი: ოკუპანტიც კი აღიარებს, რომ საქართველოს ინტერესს ოპოზიცია იცავს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება. 

სამადაშვილის შეფასებით, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფო აღიარებს, რომ საქართველოს ინტერესებს ოპოზიცია იცავს, პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დგება. 

"რუსეთის განცხადებებიდან ნათელია ერთი რამ, ის სივრცე, რომელზეც საუბრობდა პრემიერმინისტრი რუსეთთან მოლაპარაკებაში, აღმოჩნდა, რომ იყო სივრცე, რომელშიც მოხდებოდა რუსეთის მიერ ოკუპანტის სტატუსის მოხსნა და ოკუპირებული ტერიტორიების დეფაქტო ხელისუფლების ოფიციალურ მხარედ დაფიქსირება ჟენევაში. როგორც ჩანს, ეს მცდელობა ჩავარდა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ძალიან სერიოზული ზეწოლის შედეგად ხელისუფლებაზე. ნებისმიერ სახელმწიფოში რომელიც არის ოკუპაციის ქვეშ, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფო აღიარებს, რომ ამ ქვეყნაში სახელმწიფო ინტერესებს იცავს ამ ქვეყნის ოპოზიცია, დადგებოდა შესაბამისად პრემიერმინისტრის დაუყონებლივ გადადგომის აუცილებლობა,"- ამბობს სამადაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ არ დაუჭირა მხარი იმ დოკუმენტს, რომელზეც კარასინმა გუშინ, ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გააკეთა განცხადება. 

კარასინის თქმით, პრემიერმინისტრისა და პოლიტიკური ლიდერების ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები პოზიტიური იყო, თუმცა პარლამენტის წარმომადგენლებმა ამ კონსტრუქციულობას ხაზი გადაუსვა, რაშიც რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმის ერთობლივ რეზოლუციას გულისხმობდა, რომელიც პარლამენტმა 106 ხმით მიიღო. 

უმრავლესობის მიერ დარეგისტრირებული რეზოლუცია არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესვლას მოითხოვს. საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დაუყოვნებლივ გამოუშვას საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

ევროპული საქართველოს რეზოლუცია, გარდა ამ ფაქტორებისა, დამატებით ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის შექმნას ითვალისწინებს. სია "მაგნიტსკის სიის" მსგავსი იქნება. მასში ის ადამიანები მოხვდებიან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავს დანაშაულებს ჩადიან და მათ კონკრეტული სანქციები და შეზღუდვები შეეხებათ. 

ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მკვლელობიდან 26 დღის შემდეგ, გუშინ გადმოასვენეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულების შემდეგ, რამდენიმე დღე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.

კომენტარები