ჟენევის მოლაპარაკებები

კარასინი: პრემიერის განცხადება პოზიტიური იყო, პარლამენტმა ამას ხაზი გადაუსვა

euractiv.com

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი ამბობს, რომ მას მოეწონა პრემიერმინისტრის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები, თუმცა მისი თქმით, შემდგომში პარლამენტში გაკეთებულმა განცხადებებმა გიორგი კვირიკაშვილის კონსტრუქცივიზმი გადახაზა, რაშიც, სავარაუდოდ, რუსი მინისტრი ევროპული საქართველოს მიერ შექმნილ რეზოლუციის პროექტს "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას" გულისხმობს. 

"ქართველი პოლიტიკოსების, ლიდერების, პრემიერმინისტრის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები კონსტრუქციული, პოზიტიური წინსვლისკენ იყო მიმართული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებში, მათთან ურთიერთობის ახალი გზების ძიებაში და, მათ შორის, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში. თუმცა, ამის შემდეგ, მოულოდნელად წავიკითხეთ ამავე თემაზე საქართველოს პარლამენტის საკმაოდ მკვეთრი განცხადება, რომელმაც კვირიკაშვილის განცხადება სრულად უარყო. იქმნება განწყობა, რომ დროა, თბილისმა აირჩიოს იყოს ხისტი, თუ მოქნილი და თანმიმდევრული. ეს ყველას ესმის. საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებაში ჩვენ დავინახეთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კავშირების, ურთიერთობების დალაგებაზე კიდევ ერთხელ პოზიტიურად დაფიქრების შეთავაზება. როგორც ვხედავ, დაახლოებით, იგივე დამოკიდებულება აქვთ სოხუმსა და ცხინვალში, მაგრამ შემდგომში გაკეთებულმა განცხადებებმა აბსოლუტურად გადახაზა ეს კონსტრუქცივიზმი. ჩვენ გვესმის, რომ საქართველოში გრძელდება შიდაპოლიტიკური ბრძოლა, თუმცა საჭიროა, გარკვეული საერთო ეროვნული პრიორიტეტები, რომლებსაც პოლიტიკოსების დიდი ნაწილი დაუჭერს მხარს,"- განაცხადა კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, სადაც მხარეები ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ

საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდი ჟენევაში 27-28 მარტს გაიმართა. შეხვედრების მთავარი თემა ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ზეპირი შეთანხმების მიღწევა იყო.

9 მარტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ წერილში გიორგი კვირიკაშვილი წერდა, რომ მიუხედავად რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენისა, ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი გრძელდება. პრემიერი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას ტატუნაშვილის ცხედარის გამოსვენებასთან დაკავშირებით შექმნილი რთული ვითარების დასაძლევად "დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით", ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდა.

3 დღეში რუსეთის საგარეო სამინისტროს ვებზე საპასუხო განცხადება გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ რუსეთში ძალიან მოეწონათ პრემიერმინისტრის განცხადება, მისი მზაობა, დაიწყოს ორმხრივი მოლაპარაკებები ოკუპირებულ რეგიონებთან. საგარეო უწყება ირონიულად მიუთითებდა, რომ მათ აქვთ იმედი, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე, ქართული მხარე, ვინც არ უნდა ყოფილიყო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, კონსტრუქციული იქნებოდა. 

ოკუპირებული ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად გაიტაცეს და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხეში ჩასვეს, სადაც დეფაქტო სამართალდამცავებმა 35 წლის ტატუნაშვილი მოკლეს. 

ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო წარმომადგენლებმა ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზისთვის რუსეთს გადასცეს, საიდანაც მხოლოდ 26 დღის გასვლის შემდეგ გადმოსცეს საქართველოს. სავარაუდოდ, არჩილ ტატუნაშვილი წამებით მოკლეს. 

კომენტარები