10 აპრილს, გერმანიის აეროპორტებში ასეულობით რეისი გაუქმდა. შედეგად, 90 000 მგზავრი მომსახურების გარეშე დარჩა. მიზეზი გერმანიის მუშათა კლასის გაერთიანების ორგანიზებული გაფიცვაა, რომელიც საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის ხელფასის 6%-ით გაზრდას მოითხოვს. ერთდღიანი გაფიცვა, რომელშიც აეროპორტების უსაფრთხოების სამსახური და თვითმფრინავის ბარგის გადამზიდები მონაწილეობენ, გამაფრთხილებელი ხასიათისაა.
გერმანიის მუშათა კლასის გაერთიანება “ვერდი” აცხადებს, რომ გაფიცვა გერმანიის დროით, დილის 5 საათიდან, საღამოს 6 საათამდე გასტანს. მათივე თქმით, გაფიცვის მიზანი დამსაქმებლებზე ზეწოლაა, რათა საჯარო სექტორში დასაქმებულებს ხელფასი გაეზარდოთ.
გაფიცვის გამო, ყველაზე დიდი გერმანული ავიაკომპანია ლუფთანზა იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი 1600 რეისიდან - 800. ლუფთანზას დირექტორი ბეტინა ვოლკენსი ამბობს, რომ ასეთი ქმედება მიუღებელია და ავიაკომპანიის თანამშრომლებს მასში მონაწილეობა არ მიუღიათ.
“ამ შეუთანხმებლობით ყველაზე მეტად ჩვენ და ჩვენი მგზავრები ვზარალდებით” - თქვა ვოლკენსმა.
გაფიცვას შეუერთდნენ გზების მარეგულირებლები, მომხმარებელთა მომსახურების სფეროს წარმომადგენლები, აეროპორტების სახანძროების გარკვეული ნაწილი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საჯარო საცურაო აუზები, დასუფთავების სამსახური და საბავშვო ბაღები.